არჩევნები 2017

სოც. ქსელებში პოლიტიკური აგიტაციისგან თავი შეიკავეთ - მოწოდება საჯარო მოხელეებს

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოხელეებს, სამუშაო საათების განმავლობაში ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას თავი შეიკავონ სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებების და აგიტაციისათვის გამოყენებისგან.

გარდა ამისა, კომისია საჯარო მოხელეებს მიმართავს რეკომენდაციით მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა საარჩევნო პოლიტიკური პროცესებისგან.

ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის თანაბარი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად უწყებათაშორისო კომისია მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კიდევ ერთხელ გასცენ დეტალური და მკაფიო განმარტებები მათ სტრუქტურებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისთვის, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ მათ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების  საბოლოო  შედეგების  შეჯამება-გამოქვეყნებამდე.

შესაბამისი რეკომენდაციები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ 2 ოქტომბრის სხდომაზე გამოსცა.

კომისია შეახსენებს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, როგორიც არიან საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები, აგრეთვე, მერები და გამგებლები, ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა სამუშაო საათების განმავლობაში ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.

კომენტარები