სამართალდამცავთა ლიგა

ზაზა ჭაიამ ქვემო ქართლის სათავადოების ისტორიაზე 2 წიგნი გამოსცა

სამართალდამცავთა ლიგის ერთერთმა დამფუძნებელმა, ზაზა ჭაიამ, ორი ახალი წიგნი "ქვემო ქართლის სათავადოების ისტორია" და "თავად აბაშიშვილთა გვარის ისტორია" გამოსცა. წიგნების პრეზენტაცია დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა. 

ჭაია ამბობს, რომ მიუხედავად მისი მრავალწლიანი მოღვაწეობისა იურისპრუდენციაში, ისტორია მაინც ყოველთვის რჩებოდა მისი გატაცების მთავარ საგნად და როგორც კი დრო გამოუჩნდებოდა, აუცილებლად უბრუნდებოდა. 

"ისტორია ყოველთვის მიყვარდა. ჩემი პროფესიაა ისტორიკოსობა და იურისტობა და როგორც კი, მქონდა იმის საშუალება, რომ ისტორიას დავბრუნებოდი, ყოველთვის ვუბრუნდებოდი მას. როცა იურისპრუდენციაში ვმუშაობდი, არც მაშინ ვანებებდი თავს ისტორიას, მაგრამ ისტორიას თუ სიღრმისეულად არ "ჩაუჯექი", ასე ვთქვათ, და თუ სიღრმისეულად არ იმუშავე, უბრალოდ, უნაყოფო შრომა გამოვა. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ბოლო წლები უფრო მეტი დრო დამეთმო და რაღაც გამოდის. ზღვა, ამოუწურავი თემაა ის, რომელსაც ხელი მოვკიდე,"- ამბობს ჭაია. 

ზაზა ჭაია გეგმავს, სრულად შეისწავლოს ქვემო ქართლის სათავადოების ისტორია და თითოეული გვარი. როგორც თავად ამბობს, მისი მოდევნო წიგნი ნიკოლოზ ბარათაშვილის წინაპრების გვარის კვლევაზე იქნება. 

სამართლადამცავთა ლიგის კიდევ ერთი დამფუძნებელი ირაკლი ქადაგიძე ამბობს, რომ როდესაც ლიგა შეიქმნა, თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ამაში არ მოიაზრებოდა მხოლოდ დანაშაულთან ბრძოლა და რომ ლიგას, ასევე, საგანმანათლებლო და პუბლიცისტური დანიშნულებაც აქვს.

"დღეს სამართალდამცველთა ლიგა ცოტა უჩვეულო ამპლუაში წარსდგა საზოგადოების და, ზოგადად, მეცნიერთა და აკადემიკოსთან წინაშე, ვინაიდან ჩვენი ლიგის ერთერთმა დამფუძნებელმა დღეს მოაწყო მისი ავტორობით გამოცემული ორი წიგნის პრეზენტაცია. მე მივესალმები ჩემი მეგობრის და თანაგუნდელის ასეთ გარდასახვას, ასე ვთქვათ,"- ამბობს ქადაგიძე. 

ღონისძიებას აკადემიკოსები, მეცნიერები და ისტორიკოსები ესწრებოდნენ. 

კომენტარები