კრიმინალი

შსს სპეცოპერაციაზე: 4 პირი ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანის გატაცებას გეგმავდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

წყნეთის გზაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ., ფულის გამოძალვის მიზნით მოქალაქის გატაცებას გეგმავდნენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, მოქალაქე გ. გ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს. განზრახვის აღსრულების მიზნით, მათ დაზარალებულის საცხოვრებელ კორპუსში ბინა წინასწარ დაიქირავეს, საიდანაც მას აკვირდებოდნენ და მისი გადაადგილების მარშრუტს სწავლობდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სამოქმედო სქემაც წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული. სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის მომზადების პროცესში დააკავეს" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, ნიღბები, მობილური ტელეფონები, წებოვანი ლენტები, ხელბორკილები, ელექტროშოკი და ე.წ. პარიკი ამოიღო.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 18-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და 18-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით).

კომენტარები