შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნები

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, შოთა ხიზანიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ნეტგაზეთი

შინაგან საქმეთა მინისტრისა და თბილისის მერის ყოფილი მოადგილე, შოთა ხიზანიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან სასჯელი სრულად მოიხადა და ე.წ მატროსოვის ციხე დღეს დილით დატოვა. 

ხიზანიშვილის თავისუფლების 2 წლით აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა, ამნისტიის კანონის გათვალისწინებით, მას პატიმრობის ¼ და საპატიმროში გატარებული 2 თვე გამოაკლდა. საბოლოოდ, შოთა ხიზანიშვილს თავისუფლება 1 წლით და 4 თვით აღეკვეთა. მან ეს ვადა სრულად მოიხადა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, შოთა ხიზანიშვილს, ლევან ქარდავასა და ვაჟა ლელუაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება, კომპიუტერული ვირუსების გზით ყოფილი ოპოზიციის ლიდერების უკანონო მოსმენები და ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელ ბესიკ სურმავაზე ზეწოლა ედებოდათ. 

ხიზანიშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისა და ქარდავასა და ლელუაშვილის საქმეები ერთმანეთთან კავშირში არ არის, ამიტომ ახლა ხიზანიშვილის წინააღმდეგ არც ერთი საქმე არ მიმდინარეობს. 

კომენტარები