რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები

ქსენია სობჩაკის კამპანიის მენეჯერი: კამპანია ხელსახოცზეა შედგენილი

ქსენია სობჩაკი

რუსმა ტელე და რადიო ჟურნალისტმა და მსახიობმა ქსენია სობჩაკმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა 24 ოქტომბერს წამოაყენა. წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერად სობჩაკმა რუსი პოლიტიკური მრჩეველი ალექსეი სიტნიკოვი დანიშნა, რომელსაც სობჩაკის კამპანიის ორგანიზება და ხელმოწერების შეგროვება ევალებოდა.

სიტნიკოვმა და მისმა გუნდმა სობჩაკის კამპანია დანიშვნიდან ერთ კვირაში მიატოვეს. მიზეზად სიტნიკოვი საორგანიზაციო პროცესების და კამპანიის აქტივობების მიზნებისადმი განსხვავებულ მიდგომას ასახელებს.

სიტნიკოვმა RBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სობჩაკის კამპანიას ფინანსები არ აქვს და რომ მან კითხვაზე თუ ვინ დააფინანსებს კამპანიას პასუხი ვერ მიიღო.

"შტატი მაგიდებს დგამდა და პრინტერიც კი არ გვქონდა. ყველაფერი ასეა. მთელი კამპანია ხელსახოცზეა შედგენილი." თქვა მან.

ადრე Meduza-სთან საუბარში სიტნიკოვმა აღნიშნა, რომ ხელმოწერების შესაგროვებლად ხალხის აყვანას იმიტომ არ იწყებდა, რომ არ იყო დარწმუნებული, რომ შრომას აუნაზღაურებდნენ, თუმცა მაშინ ისიც დაამატა, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა.

სობჩაკის კამპანიის პრესმდივანმა, ქსენია ჩუდინოვამ სიტნიკოვის წასვლაზე კომენტარისაგან თავი შეიკავა და თქვა, რომ კამპანიის შიგნით განხეთქილება არ არის, მეგობრული გუნდი ჰყავთ, რომელიც ერთად მიიწევს საერთო მიზნისაკენ და ყველაფერი შესანიშნავადაა.

შეგახსენებთ, რომ ქსენია სობჩაკი რუსულ მედიასა და საზოგადოებაში ცნობილი ისეთი რეალითი შოუებით გახდა, როგორებიცაა "Dom-2", "უკანასკნელი გმირი" და "ქერა გოგო შოკოლადში."

2012 წელს სობჩაკს ბრალს გადასახადებისგან თავის არიდებაში სდებდნენ, მას შემდეგ, რაც მის სახლში მილიონ-ნახევარი ევრო აღმოაჩინეს.

საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შემდეგ სობჩაკმა პირველ პროსკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყირიმის ანექსია რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და ის ყირიმს უკრაინის ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა გასულ კვირას განმარტა, რომ ამ განცხადების გამო მისი გასამართლება ვერ მოხდება, რადგან მას არ უთქვამს, რომ ყირიმი უკრაინას უნდა დაუბრუნდეს.

ზოგიერთი მოსაზრებით სობჩაკის კანდიდატურა კრემლის კამპანიის ნაწილია, რათა საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმურად წარმოაჩინოს და ოპოზიციის ხმები გაყოს. სექტემბერში გაზეთ Vedomosti-ში დაიწერა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სობჩაკისათვის კანდიდატურის წამოყენების შეთავაზებას აპირებდა.

სობჩაკი კრემლთან კავშირს უარყოფს. მისი თქმით კანდიდატურის წამოყენებამდე პუტინს ინტერვიუსათვის შეხვდა, თუმცა ამ დროისათვის მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა კანდიდატურის წამოყენება და რომ პუტინი ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ ჩანდა.

კომენტარები