თავდასხმა ქართული ოცნების მარნეულის საკრებულოს დეპუტატზე

მარნეულში დაჭრილი "ოცნების" დეპუტატი: ჩემზე თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით მოხდა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ თავდასხმაში დაზარალებული ქართული ოცნების მარნეულის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი ამბობს, რომ მასზე თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით მოხდა. 

ჩოიდაროვი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოდან დღეს გაწერეს. გაწერამდე ერთი დღით ადრე კი მასთან გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი იმყოფებოდა, რომელმაც "კურიერს" გუნდს ჩოიდაროვის საუბრის ჩანაწერი გადასცა. 

"ახლა თავს შედარებით უკეთესად ვგრძნობ, თუმცა კვლავ ექიმების კონტროლის ქვეშ ვრჩები და მათზეა დამოკიდებული, როდის შევძლებ მუშაობას. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ის, რაც ყიზილაღჯლოში იყო პოლიტიკური საკითხი. მე მაქვს ეჭვი ერთ ადამიანზე, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო და პოლიციას ყველაფერი მოვუყევი და ის ადამიანიც დაიკითხება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მომხდარა პირადი ანგარიშსწორების მიზნით, ეს პოლიტიკურ დაპირისპირებას უკავშირდება,"- ამბობს ჩოიდაროვი. 

კურიერის ცნობით, ჩოიდაროვმა სამართალდამცავებს 7-საათიანი ჩვენების დროს იმ ადამიანის სახელი და გვარიც უთხრა, ვისზეც მას ეჭვი აქვს. ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროვების უფლება არ აქვთ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 1 დღით ადრე, 20 ოქტომბერს, მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში ქართული ოცნების შტაბთან პარტიის 2 წარმომადგენელსა და კიდევ 2 პირს თავს დაესხნენ. მათ შორის იყო ჯეიხუნ ჩოიდაროვიც, რომელიც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მაშინ გახდა, როდესაც მარნეულის საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით სიკვდილს ებრძოდა. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერმინისტრმა მაშინ პოლიტიკური დაპირისპირება გამორიცხეს. გამოძიება განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები