ხანძარი

სახანძრო უსაფრთხოების რა სტანდარტებს აწესებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, გამოყოფილია მაღალი რისკის მქონე დაწესებულებები და ობიექტები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სპეციალურ მონიტორინგს ექვემდებარებიან. ამ ობიექტებისთვის სავალდებულოა იმ წესებისა და მოთხოვნების დაცვა, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტით და სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონით არის განსაზღვრული. თუ ობიექტები აღნიშნულ მოთხოვნებს არ დაიცავენ, მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, ხანძრის შემთხვევაში თუ გამოიკვეთა, რომ მაღალი რისკის ობიექტს არ ჰქონდა დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, შესაძლოა, ობიექტის ხელმძღვანელობის 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთის საკითხიც დადგეს.

რომელ ობიექტებს ევალებათ სახელმწიფოს მიერ დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვა:

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით, სახელმწიფოს მხრიდან სპეციალურ ზედამხედველობას შემდეგი ტიპის ობიექტები განეკუთვნებიან:

  • 100 ნომერზე უფრო დიდი სასტუმროები;
  • სავაჭრო ცენტრები/ჰიპერმარკეტები;
  • 28 მეტრზე მაღალი შენობები;
  • საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები 300 მ​2-ზე მეტი ფართობით;
  • 200 სტუდენტზე/მოსწავლეზე უფრო დიდი შემადგენლობის საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • სპორტული დაწესებულებები, რომლებსაც 400-ზე მეტი მაყურებლის დატევა შეუძლია;
  • ავტოგასამართი სადგურები;
  • აეროპორტები/მეტროს სადგურები/მატარებლის სადგურები;
  • ნავთობბაზები;
  • 1000 მ​2 და მეტი ფართობის მქონე ხანძარსაშიში ნივთიერების, მასალის, პროდუქციისა და ნედლეულის სასაწყობო შენობა-ნაგებობები;
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები;
  • 50 საწოლზე უფრო დიდი საავადმყოფოები;
  • სახელმწიფოს კუთვნილი შენობა-ნაგებობები;
  • სხვადასხვა ტიპის ქარხნები;
  • ხანძარ და აფეთქებასაშიში ობიექტები.

რა სტანდარტების დაკმაყოფილება უწევთ აღნიშნულ ობიექტებს

ის, თუ რა სტანდარტების დაკმაყოფილება უწევთ ამ ნუსხაში შესულ ობიექტებს, განისაზღვრება სახანძრო უსაფრთხოების შესახებ სპეციალური ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც მთავრობამ 2015 წელს მიიღო.

რეგლამენტი მოიცავს მრავალი სახის რეგულაციას, რომელიც თანაბრად ვრცელდება, როგორც შენობის ინფრასტრუქტურაზე, ასევე მასში დასაქმებულებზე. მაგალითად, თანამშრომლების აყვანამდე, ობიექტმა მათ უნდა ჩაუტაროს დეტალური ინსტრუქტაჟი მოქმედი სახანძრო სისტემების შესახებ, პერსონალი უნდა იცნობდეს საევაკუაციო გეგმას. რეგლამენტის მიხედვით, პერსონალი მინიმუმ 6 თვეში ერთხელ მაინც უნდა გადიოდეს საცდელ ევაკუაციას. ასევე, ობიექტს უნდა ჰყავდეს ცალკე გამოყოფილი პერსონალი, რომელიც ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის შეუფერხებლად ფუნქციონირებაზე უნდა ზრუნავდეს. კანონის მიხედვით, სასტუმროს ადმინისტრაცია ვალდებულია, გააცნოს სტუმრებს სასტუმროს შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია.

ინფრასტრუქტურის მხრივ კი, სავალდებულოა, ობიექტებს ჰქონდეთ საევაკუაციო კიბე და საევაკუაციო გზები, რომლიც შესაბამის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად:

  • აკრძალულია საევაკუაციო გზების მოსაპირკეთებლად იმ მასალების გამოყენება, რომელთა სახანძრო საშიშროების მაჩვენებელი აღემატება სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებულ მაჩვენებელს.
  • აკრძალულია კიბის უჯრედებსა და დერეფნებში საკუჭნაოების და სამშენებლო პროექტით გაუთვალისწინებელი სხვა სათავსების მოწყობა, აგრეთვე კიბის მარშების ქვეშ და ბაქნებზე ნივთების და სხვა მასალების შენახვა.
  • შენობების, სათავსების საევაკუაციო გასასვლელების კარებს, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უნდა ჰქონდეთ ისეთი სახელურები და ჩამკეტები, რომლებიც იძლევიან დამატებითი ძალის გამოყენების გარეშე, ცალი ხელით კარის გაღების საშუალებას. დერეფნის ან სათავსის კუთხეებში არსებული კარის სახელურების დაშორება გვერდით კედლამდე უნდა იყოს არანაკლებ 0,6 მ.
  • აკრძალულია საევაკუაციო გზებზე ზღურბლების (გარდა კარების ღიობების ზღურბლისა), გასაწევი, ასაწევ-დასაწევი კარების და ჭიშკრების, მბრუნავი კარების და ტურნიკეტების, ასევე სხვა მოწყობილობების დაყენება, რომლებიც ხელს შეუშლის ადამიანთა თავისუფალ ევაკუაციას.

რეგლამენტის მიხედვით, შენობას უნდა ჰქონდეს სახანძრო სიგნალიზაციისა და ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემები. ასევე სპეციალური კვამლსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც შენობას ძლიერი დაკვამლიანებისგან დაიცავენ. კანონის მიხედვით, აღნიშნული სისტემების გათიშვა დაუშვებელია და მათი შეუფერხებელი მუშაობისთვის პასუხისმგებლობა ობიექტის ხელმძღვანელობას ეკისრება. ობიექტზე გაკრული უნდა იყოს საევაკუაციო გეგმები, ხანძარსაწინააღმდეგო ავტომატურ სისტემებთან ერთად, აუცილებელია, ობიექტში იყოს ცეცხლმაქრები და სპეციალური ჰიდრანტები.

რეგლამენტი ასევე განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა იყოს შესრულებული საევაკუაციო გეგმა და სად უნდა იყოს დანთავსებული აღნიშნული გეგმები:


ფოტო: საკანონმდებლო მაცნე

ვინ ამოწმებს მაღალი რისკის მქონე ობიექტებს

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას ამოწმებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი უწყება - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. სააგენტოს ინსპექტორებს ობიექტების დეტალური შემოწმების და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ობიექტის დაჯარიმების უფლება აქვთ.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, სპეციალურ ნუსხაში შეტანილი ობიექტების დეტალური შესწავლა 3 წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს, წელიწადში ერთხელ კი, სავალდებულოა ყველა ობიექტმა გაიაროს მონიტორინგი, რომლითაც მინიმალური მოთხოვნები შემოწმდება. 

კანონმდებლობის მიხედვით, ინსპექტორები ვალდებული არიან, შეამოწმონ სახანძრო უსაფრთხოების სისტემების გამართულობა და შეაფასონ თუ არის თანხვედრაში ობიექტზე არსებული სისტემები იმ სტანდარტებთან, რასაც კანონი ადგენს.

იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა, რომ ობიექტზე სახანძრო უსაფრთხოება არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ინსპექტორებს მისი დაჯარიმება შეუძლიათ. ჯარიმები სხავადსხვა ტიპის დარღვევისთვის 50 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 177-ე მუხლით არის განსაზღვრული.

თუ გამოიკვეთება, რომ ობიექტზე, რომელზეც ხანძარი მოხდა, არ იყო დაცული სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტები, ამას ობიექტის ხელმძღვანელობის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება მოჰყვეს. კოდექსის 243-ე მუხლის მიხედვით, თუ ობიექტზე არ იყო დაცული სახანძრო უსაფრთხოება, რის გამოც 2-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ობიექტის ხელმძღვანელს 6 წლამდე პატიმრობა შეიძლება მიესაჯოს.

კომენტარები