თბილისი 2018 წელს ახალი საახალწლო განათებებით შეხვდება. თბილსერვის ჯგუფმა რუსთაველის, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, ასევე, პეკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი უკვე დაიწყო.
"ვფიქრობ, რომ რუსთაველის გამზირი ძალიან ლამაზი იქნება და ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა მოიწონებს“, - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე. მისივე თქმით, ძველი განათებები წელს თბილისის სხვადასხვა რაიონში გადანაწილდება.
თბილსერვის ჯგუფის დირექტორის ლევან ჯღარკავას ინფორმაციით, მიმდინარე წელს საახალწლო ილუმინაციებისთვის სამი მილიონი ლარი დაიხარჯა.
"საახალწლო განათება იტალიიდან ჩამოვიტანეთ. მთავარ გამზირზე მონტაჟდება პეპელას ფორმის 32 განათება. ასევე, დეკორატიულად მოირთო ხეები. წელს რუსთაველის გამზირი იქნება ოქროსფერ ფერებში, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი იქნება. ასევე, დაახლოებით, სამი-ოთხი დღე დაგვჭირდება რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, რომლის შემდეგაც მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე გადავინაცვლებთ“, - აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.