კახა ბექაური

ბექაური: "საერთაშორისო გამჭვირვალობის" დასკვნა არის ცრუ და არაკვალიფიციური

რადიო თავისუფლება

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მისი განათლება და დიპლომი სრულად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს.

კახა ბექაური "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომლის მიხედვითაც მას თანამდებობისთვის აუცილებელი აკადემიური ხარისხი არ გააჩნია, არაკვალიფიციურს უწოდებს.

"კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა 1986-1992 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, რომლის დიპლომიც გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან და ის სრულად შეესაბამება მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს. ცნობისთვის, კიბერნეტიკა არის მეცნიერება ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ და იგი შეისწავლის ელექტრონულ მოწყობილობებს შორის ინფორმაციის გადაცემას, მიღებას, დამუშავებას, შენახვა და ამ ინფორმაციის გამოყენებას მართვისთვის, შესაბამისად კიბერნეტიკა ელექტრონულ კომუნიკაციებს მოიცავს", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს.

უწყება აცხადებს, რომ 2013 წელს, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გამოცხადებული კონკურსის პარალელურად, გარკვეული ჯგუფების მიერ კახა ბექაურის დიპლომი და განათლება განხილვის საგანი იყო.

"თუმცა როგორც აღმასრულებელმა, ასევე საკანონდებლო ხელისუფლებამ აღნიშნული საკითხი შეისწავლა და მას შემდეგ რაც დარწმუნდა რომ თემის მიმართ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო შექმნილი და კახა ბექაურის განათლება და დიპლომი სრულად აკმაყოფილებდა მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნებს, ის კომისიის წევრად აირჩიეს. საკითხის ამოწურვიდან 4 წლის შემდეგ საერთაშირისო გამჭვირვალობის მიერ არაკვალიფიციური და ცრუ ინფორმაციის შემცველი დასკვნის გამოქვეყნება არის მცდელობა შელახოს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის საქმიანი რეპუტაცია და შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 11 დეკემბერს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს თანამდებობის დაკავებისათვის კანონით დადგენილი აკადემიური ხარისხი არ გააჩნია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ის არის მათემატიკოსი, კანონი კი კომისიის წევრობისთვის აუცილებელ პირობად სხვა სპეციალობის განათლებას ითხოვს. TI-ის აზრით, ეს საკმარისი მიზეზი უნდა იყოს იმისათვის, რომ კახა ბექაური დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგეს.

კომენტარები