მონეტარული პოლიტიკა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა

კობა გვენეტაძე
ტაბულა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.25%-ით 7.25%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ბანკის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების საპასუხოდ გადაიდგა და ის საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის შემცირებას შეუწყობს ხელს. ნოემბერში ინფლაციამ 6.9% შეადგინა, რაც სებ-ის სამიზნე 4%-ს 2.9%-ით აღემატება. ამ გადაწყვეტილებით ყველას, ვისაც ლარში გაცემული სესხი რეფინანსირებაზე აქვს მიბმული სესხის განაკვეთი 0.25%-ით გაუძვირდა.

"არსებული პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წლის დასაწყისიდან, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, შემცირებას დაიწყებს. კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ საგრძნობლად გაუფასურდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რამაც, წინა პროგნოზთან შედარებით, გაზარდა ზეწოლა ინფლაციაზე (მსგავსი სცენარი განხილული იყო მონეტარული პოლიტიკის 2017 წლის ნოემბრის ანგარიშში). ამასთანავე, ბოლო ორი თვის ბაზრის კვლევის ინდიკატორები ინფლაციური მოლოდინების ზრდაზე მიუთითებს, ხოლო ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესება ასუსტებს მოთხოვნის მხრიდან ინფლაციის შემცირების შესაძლებლობას. ზემოთქმულიდან გამომ­დინარე, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის შემცირების მიზნით, გამოიკვეთა მონეტარული პოლიტიკის რეაგირების საჭიროება. ამ ეტაპზე კომიტეტმა გადაწყვიტა პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების ზომა და ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ფასებზე მომდინარე ზეწოლა.

ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ნავთობის საერთაშორისო ფასების 40%-ის ფარგლებში ზრდამ. ერთჯერადი ფაქტორების, მათ შორის სააქციზო გადასახადების ზრდის, გავლენა ინფლაციის მაჩვენებელზე დაახლოებით 3 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. აღნიშნული ფაქტორების განეიტრალების შემდეგ, სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდება.

ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები მოთხოვნის გაუმჯობესებაზე მიუთითებს. ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება 5.7 პროცენტია. მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში ეკონომიკური ზრდა 4.9 პროცენტია, რაც აღემატება ეროვნული ბანკის საპროგნოზო მაჩვენებელს. პოზიტიური დინამიკაა საქონლის ექსპორტსა და ტურიზმში. ასევე ზრდადია ფულადი გზავნილების მოცულობაც. თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში მოიმატა საქონლის იმპორტის ზრდის ტემპმაც. მიუხედავად იმპორტის აღნიშნული ზრდისა, მიმდინარე წელს მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით", - წერია სებ-ის გადაწყვეტილებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.

ქვეყანაში ფასების სტაბილურობაზე (ინფლაციაზე) კონტროლი ეროვნულ ბანკს ეკისრება. ამ მიზნის მისაღწევად ეროვნული ბანკი ბაზარზე ფულის მიწოდების ინსტრუმენტს, რეფინანსირების სესხებს იყენებს. სებ-ი გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების შემთხვევაში კომერციული ბანკებისთვის მისაწოდებელი ლარის რესურსის საპროცენტო განაკვეთს ზრდის, რითიც ეკონომიკაზე ფულის მიწოდებას აძვრებს, რითიც გარკვეული პერიოდის შემდეგ ინფლაციის შემცირებას იწვევს.

კომენტარები