კატალონია

კატალონიის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები ლიდერობენ

AP

გუშინ კატალონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 80%-ზე მეტმა მიიღო, რაც კატალონიის რეგიონული არჩევნებისათვის რეკორდული მაჩვენებელია.

წინასწარი მონაცემებით კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები ლიდერობენ.

ხმების დათვლა თითქმის დასრულებულია. დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები: ერთად კატალონიისათვის, კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტია და სახალხო ერთობა ამ შედეგებით ჯამში 135 ადგილიან პარლამენტში 70 ადგილს მოიპოვებენ.

კატალონიის ყოფილმა პრეზიდენტმა, კარლოს პუჩემონტმა ბრიუსელიდან გაავრცელა მიმართვა და ესპანეთის სახელმწიფო რეგიონულ არჩევნებში დამარცხებულად გამოაცხადა. მისი თქმით ამ არჩევნებში კატალონიამ გაიმარჯვა და ეს არის შედეგი, რომელსაც ვერავინ უარყოფს. მან ესპანეთის პრემიერმინისტრს, მარიანო რახოის მოუწოდა გააუქმოს მადრიდის პირდაპირი კონტროლი რეგიონზე და გაათავისუფლოს რეგიონის ყოფილი ლიდერები.

ესპანეთის მმართველი სახალხო პარტიის კატალონიურმა ფრთამ საკუთარი არსებობის მანძილზე ყველაზე დაბალი მხარდაჭერა მოიპოვა. მათ ბოლო მონაცემებით მხოლოდ 3 ადგილი მოიპოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი მონაცემებით დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა მეტი ადგილი მოიპოვეს პარლამენტში, ჯერ-ჯერობით უცნობია რომელი პარტიები შექმნიან სამთავრობო კოალიციას.

არჩევნების ოფიციალური შედეგები 5 იანვარს გახდება ცნობილი. ამის შემდეგ პარლამენტი შეიკრიბება რათა 20 სამუშაო დღის მანძილზე სპიკერი აირჩიოს. დებატები რეგიონის პრეზიდენტის არჩევის თაობაზე სპიკერის არჩევიდან 10 სამუშაო დღეში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კატალონიის მთავრობის დათხოვნის და სენატის მიერ კატალონიის ავტონომიის შეჩერების შემდეგ დაინიშნა.

პირველი ოქტომბრის რეფერენდუმის შემდეგ კატალონიის რვა ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს და განაჩენს ელოდებიან, ხოლო გადაყენებული პრეზიდენტი კარლოს პუჩემონტი ბელგიაშია. კატალონიის ყოფილ ლიდერებს ბრალად ამბოხება, აჯანყებისკენ მოწოდება და საჯარო თანხების არასწორი გამოყენება ედებათ.

კომენტარები