კრიმინალი

შსს: ნიგურიანს პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული შელაპარაკებისას ესროლეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მესტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის ლომარ ნიგურიანის ჩაცხრილვის ფაქტზე, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, დაბა მესტიაში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1978 წელს დაბადებულმა მ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მესტიის საკრებულოს წევრს, 1968 წელს დაბადებულ ლომარ ნიგურიანს მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნიგურიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ბრალდებულის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით" - აცხადებს შსს.

კომენტარები