ოჯახში ძალადობა

ყოფილი ცოლის და მისი მამის ცემაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი და მისი მამა მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით სცემა, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დეა გოშხეთელიანი ტაბულასთან ყვება, რომ დაშორებიდან 6 თვის შემდეგ, 3 იანვარს, ყოფილი ქმარი, გრიგოლ ბაკურაძე მასთან სახლში მივიდა და წლის და 8 თვის ბავშვის თანდასწრებით ის და მამამისი სცემა. გოშხეთელიანმა პატრულში დარეკა, რის შემდეგაც ბაკურაძე დააკავეს.

აღკვეთის ღონისძიების სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 5 იანვარს გაიმართა. პროკურატურა გრიგოლ ბაკურაძისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

"მას ჰქონდა მამაოს რეკომენდაცია, მეზობლების და სამსახურის დახასიათება", - ამბობს დეა გოშხეთელიანი.

ის არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ყოფილი მამამთილის გავლენებს უკავშირდებოდეს. გოჩა ბაკურაძე ამ დროისთვის ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორია, მანამდე კი, როგორც გოშხეთელიანი ამბობს, ქუთაისის პოლიციის უფროსი იყო.

ძალადობის მსხვერპლი ყვება, რომ ყოფილი მამამთილი ხშირად საუბრობდა ხელისუფლებაში ნაცნობების შესახებ, მათ შორის, ხაზს უსვამდა შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებთან მეგობრობას.

დეა გოშხეთელიანის თქმით, გრიგილ ბაკურაძესთან ქორწინებაში წელიწადისა და 10 თვის განმავლობაში იყო. ამ პერიოდის განმავლობაში, ხდებოდა როგორც ფსიქოლოგიური და ეკონომიკური, ისე ფიზიკური ძალადობა.

"ფიზიკური ძალადობა იყო ფეხმძიმობის დროსაც. მეორე ფეხმძიმობისას მუცელი მომეშალა ძალადობის ფონზე ნერვიულობის გამო. ძალიან ბევრჯერ ვცადე პოლიციისთვის მიმემართა, მაგრამ მართმევდა ტელეფონს, მიკეტავდა კარებს და ახდენდა ფსიქოლოგიურ "დამუშავებას" - მაშინებდა, მემუქრებოდა, თვითშეფასებას მიდაბლებდა, მარწმუნებდა, რომ არარაობა ვიყავი და პოლიცია ვერაფრით დამეხმარებოდა, სამართალი ჩემ მხარეს არ იყო და მე დამიჭერდნენ, ფსიქიატრიულში გამომკეტავდნენ, გიჟის სტატუსს მომანიჭებდნენ", - ყვება დეა.

გარდა ამისა, დეა გოშხეთელიანი ამბობს, რომ გრიგოლ ბაკურაძეს სახლში რამდენიმე სახის იარაღი აქვს.

"სახლში ჰქონდა იარაღები, მათ შორის საკუთარი ხელით ნაკეთი უწვრილესი დანა, რომელიც, მისი თქმით, იწვევს შინაგან სისხლდენას და ადამიანის ძალიან მალე სიკვდილს; შევსწრებივარ ფაქტს, როცა მამამისმა (გოჩა ბაკურაძემ) ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოუგზავნა რაღაც წამალი, რომელიც ქაღალდებში იყო საგულდაგულოდ გახვეული და გააფრთხილა - ეს არსად აჩვენო, ურეცეპტოდ არ გაიცემაო. ჰქონდა მცდელობა, რომ ძალდატანებით ჩემთვის დაელევინებინა უცნობი წამლები", - წერს გოშხეთელიანი ფეისბუქზე.

ძალადობის მსხვერპლი ყვება, რომ სახლიდან გაპარვა გადაწყვიტა, თუმცა ქმარი ადრე მივიდა, კარები ჩაუკეტა და ახრჩობდა.

"ჩუმად ჩავალაგე ბარგი, დავწერე წერილი. სახლიდან უნდა გავსულიყავი, როცა მოვიდა, ნათქვამ დროსთან შედარებით ძალიან ადრე. მცემა, მახრჩობდა, ტელეფონი წამართვა, კარები ჩამიკეტა. საბოლოოდ, მისი ტელეფონიდან შევძელი ოთახში ჩაკეტილმა პატრულში დარეკვა. დარეკვისთანავე დაწყნარდა, დამშვიდდა, ვითომ არაფერი მომხდარიყოს. სახლიდან წასვლა მთხოვა მშვიდად და წყნარად. 26 ივლისს შემაკავებელი ორდერი გავაკეთე. ფიზიკური ძალადობის ფაქტი ვერ დავუმტკიცე, მხოლოდ ვიდეოჩანაწერი მქონდა, სადაც სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებს არნახული აფექტური სახით და ცდილობს ხელის დარტყმას, თუმცა ვიდეოს დანახვისთანავე ხელს დაბლა სწევს", - ამბობს გოშხეთელიანი.

მისივე თქმით, ზეწოლა დაშორების შემდეგაც გაგრძელდა. ერთხელ კი, გრიგოლ ბაკურაძემ მათი შვილი ბაღიდან სოფელში წაიყვანა, ისე, რომ დედამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

"ერთი თვე ჰყავდა სოფელში, ერთი თვე ბავშვი არ მინახავს. მერე შევიტანე სარჩელი საქალაქო სასამართლოში და პროცესი დიდხანს რომ არ გაწელილიყო, დავასრულეთ მორიგებით. შესაბამისად, განგვესაზღვრა ნახვის დღეები. 3 იანვრის ძალადობის ფაქტის შემდეგ კი მივმართე სოციალურ მუშაკს, რადგან ბავშვზეც მოხდა ირიბი ძალადობა, როცა ის ხედავდა ძალადობას", - ამბობს დეა გოშხეთელიანი.

მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ პოლიციას უკვე მიმართეს შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო.

"3 იანვრის თავდასხმამდე, ყოფილ ქმარზე გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერიც, რომლის დარღვევაზეც პოლიციას მივმართეთ. ორდერი არაერთხელ დაირღვა, სოციალური ქსელითაც მოხდა კავშირზე გასვლა მოძალადის მხრიდან, 3 იანვარს კი იყო ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა. როგორც დეა გოშხეთელიანს, ისე მის მამას აქვთ დაზიანებები, რომლებიც შესამჩნევია შეუიარაღებელი თვალითაც. ორდერის დარღვევამ უნდა გამოიწვიოს პირის დაკავება, ასევე ვიმედოვნებთ, რომ აპელაცია პატიმრობას შეუფარდებს", - ამბობს საიას იურისტი, რევაზ აჭარაძე ტაბულასთან.

იმის გამო, რომ ყოფილი ქმარი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა, დეა გოშხეთელიანი იძულებულია დაიმალოს, რათა მისგან თავი დაიცვას.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას - ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ასევე, ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 12 თებერვალს გაიმართება. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, სადაც პროკურატურამ საქალაქოს გირაო გააასაჩივრა, სხდომის თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები