კატალონია

ესპანეთის მთავრობა: პუჩემონტი რეგიონს ბრიუსელიდან ვერ მართავს

Reuters

ესპანეთის მთავრობა კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლოს პუჩემონტის მიერ რეგიონის ბელგიიდან მართვის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ ოფიციალური მადრიდი ნებისმიერ მსგავს მცდელობას სასამართლოს გზით დაუპირისპირდება.

მთავრობის ადვოკატების თქმით კატალონიის საპარლამენტო კანონის მიხედვით იმისათვის, რომ რეგიონის პრეზიდენტად აირჩეს, კანდიდატი ხმის მიცემისას პირადად უნდა გამოცხადდეს.

ოფიციალური მადრიდის ეს გაფრთხილება კატალონიის რეგიონულ მთავრობაში, სადაც უმრავლესობა დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა მოიპოვეს, პუჩემონტის რეგიონის ლიდერად ხელახლა არჩევის და მის მიერ რეგიონის ბრიუსელიდან ვიდეო კავშირით მართვის ინიციატივას მოჰყვა. ესპანეთში დაბრუნების შემთხვევაში ყოფილ ლიდერს პატიმრობა ემუქრება.

რეგიონის პარლამენტი პირველ სხდომას ოთხშაბათს გამართავს და სპიკერს აირჩევს. რეგიონის ლიდერი პარლამენტმა 31 იანვრამდე უნდა აირჩიოს.

პარლამენტის 5 წევრი, მათ შორის პუჩემონტი ბელგიაშია გაქცეული, ხოლოდ 3 დაპატიმრებულია, მათ შორის რეგიონის პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, ორიოლ ჟუნკერასი. მოსამართლემ მას უარი უთხრა კატალონიის ციხეში გადაყვანის მოთხოვნაზე, რათა საპარლამენტო სესიებს დასწრებოდა.

ესპანეთის კანონის მიხედვით პუჩემონტს და ჟუნკერასს შეუძლიათ უარი თქვან პარლამენტში თავიანთ ადგილებზე და ის სხვა პოლიტიკოსებს გადასცენ.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს ჩატარდა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კატალონიის მთავრობის დათხოვნის და სენატის მიერ კატალონიის ავტონომიის შეჩერების შემდეგ დაინიშნა.

პირველი ოქტომბრის რეფერენდუმის შემდეგ კატალონიის რვა ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს და განაჩენს ელოდებიან, ხოლო გადაყენებული პრეზიდენტი კარლოს პუჩემონტი ბელგიაშია. კატალონიის ყოფილ ლიდერებს ბრალად ამბოხება, აჯანყებისკენ მოწოდება და საჯარო თანხების არასწორი გამოყენება ედებათ.

კომენტარები