გარემოს დაცვა

2017 წელს, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 625 ფაქტი გამოვლინდა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2017 წლის განმავლობაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 625 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 11 110 ფაქტი, ხოლო სისხლის სამართლის 515 ფაქტი. ამ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

2017 წელს, გარემოსთვის მიყენებული ზიანი 8 651 243,56 ლარი იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს ჯარიმის სახით, ჯამში 4 658 500 ლარი დაეკისრათ.

"2017 წელს გამოვლენილი გარემოსდაცვითი დანაშაულებიდან, დაფიქსირდა ტყის კანონმდებლობის დარღვევის - 1737 ფაქტი, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის - 1397 და სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის - 832 ფაქტი. 

საერთო სტატისტიკის 22%-ს შეადგენს წიაღის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები - 2521 ფაქტი და 16%-ს ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები - 1817 ფაქტი" - აცხადებს სამინისტრო.

2017 წელსვე, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 1407 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო თევზჭერის/ნადირობის წესების დარღვევის - 1078 ფაქტი. სხვა დარღვევებმა საერთო სტატისტიკის 7% (836 ფაქტი) შეადგინა.

კომენტარები