ბიუჯეტი 2017

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაგეგმილზე 33,700,000 ლარით მეტი დაიხარჯა

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობა

მთავრობის სარეზევრო ფონდიდან 2017 წლის განმავლობაში ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული 40 მილიონი ლარის ნაცვლად, 73.7 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გეგმავს 84%-ით აღემატება. ამის შესახებ სახელმწიფო ხაზინის ანგარიშიდან ირკვევა. სარეზერვო ფონდიდან მნიშვნელოვანი ფინანსები სპორტის დაფინანსებაზე დაიხარჯა.

სარეზერვო ფონდიდან 2017 წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი თანხები შემდეგი მიმართულებით გამოიყო:

  • 9.4 მილიონი ლარი - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას და მართვა;
  • 9 მილიონი ლარი - "სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას და მართვაზე" დაიხარჯა;
  • 7 მილიონი ლარი - "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში" გადაირიცხა;
  • 4.6 მილიონი ლარი - საქართველოში გასამართი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების დაფინანსების პროგრამაზე დაიხარჯა;
  • 3.1 მილიონი ლარი - საარჩევნო სუბიექტების დაფინანსებას მოხმარდა;
  • 2.9 მილიონი ლარი - ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადასაცემ ტრანსფერებზე დაიხარჯა.

2018 წლისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდის ბიუჯეტი 50 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები ქვეყანაში გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყენება, თუმცა რეალურად აღნიშნულ ფონდებში განთავსებული თანხის ხარჯვა არა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის, არამედ მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყენება. გასული წლების განმავლობაში ფონდის ხარჯვა დადგენილ ბიუჯეტზე მეტი არაერთხელ ყოფილა.

ყველაზე დიდი აცდენა ფონდის ბიუჯეტსა და ფაქტობრივ შესრულებას შორის 2015 წელს იყო, როდესაც 50 მილიონის ნაცვლად 168 მილიონი დაიხარჯა.

კომენტარები