გიორგი გიორგანაშვილი

სასამართლო: ბახალას გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი მივუსაჯეთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულ გიორგი გიორგანაშვილს "წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი" მიუსაჯეს. გიორგანაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლომ დღეს დაადგინა. მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 

"წარდგენილი ბრალდების თანახმად, გიორგი გ-მ, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 0,3726 გრამი ნარკოტიკული საშულება ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შემცველი 45 აბი და აბის 4 ნატეხი, რაც სამართალდაცველებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადასტურებულად მიიჩნია გიორგი გ.-ს მხრიდან ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პიროვნება და ის გარემოება, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ იყო, მის ქმედებას ზიანი არ მიუყენებია სხვა პირისთვის და სასჯელის სახით გამოიყენა წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი" - აცხადებს სასამართლო.

გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (0,3726 გრამი) ბუპრენორფინის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის წარუდგინეს. მუხლი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.

გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი მტკიცებით, ნარკოტიკი პოლიციელებმა დასჯის მიზნით "ჩაუდეს". მის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაც გაიმართა.

დღეს ცნობილი გახდა ისიც, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები