შსს

შსს: მეტროში დაკავებული პირები პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდნენ

facebook.com/EgnateShmugia

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 28 იანვარს მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, საზოგადოების ინტერესი ერთერთი მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში 2 პირის დაკავების ვიდეოს ატვირთვამ გამოიწვია. 

შსს-ის ცნობით, მეტროსადგურთან შეკრებილ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა და საპატრულო ეკიპაჟის მისვლისას კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდა მეტროპოლიტენის მიმართულებით გაიქცა. მათივე ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა ისინი იდენტიფიცირების მიზნით შეაჩერეს. 

"იმ დროს, როდესაც პოლიცია კანონით დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა და ახალგაზრდების იდენტიფიცირებას ახდენდა, საპირისპირო მხარეს მოძრავი ესკალატორიდან, ორი პირი - 1992 წელს დაბადებული გ. ს. და 1982 წელს დაბადებული თ. მ., რომლებსაც არანაირი კავშირი ახალგაზრდების შეჩერების პროცესთან არ ჰქონიათ, გამოესარჩლნენ პოლიციის მიერ კანონიერად შეჩერებულ ახალგაზრდებს, გააპროტესტეს პოლიციელთა კანონიერი ქმედება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოიჩინეს აგრესია, გადააფურთხეს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს,"- ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა და მის მიმართ აგრესია კანონით დასჯადი ქმედებაა, პოლიციელებმა აღნიშნული პირების ადმინისტრაციული წესით დაკავება დაიწყეს. შსს-ს განცხადებით, დაკავების პროცესში, ხსენებულმა პირებმა პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს და მათთვის შეურაცხყოფის მიყენება გააგრძელეს. შსს-ს ცნობით, სწორედ დაკავების მხოლოდ ეს ფაქტია ასახული მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სასამართლოში მთლიანი ინციდენტის ამსახველ კადრებს წარადგენენ. 

"პოლიციელების მიერ კანონიერი ქმედებების შესრულების პირობებში საზოგადოების ზოგიერთი წევრის ამგვარი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება და პოლიციის უსაფუძვლო დადანაშაულება აკნინებს სამართალდამცავი ორგანოების როლს, მაშინ როცა, პოლიციის გამართული ფუნქციონირება პირდაპირ უკავშირდება მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქმიანობაში იქნება ღია და გამჭვირვალე და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, მათ შორის, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც თავად სამინისტროსთვის შესაძლოა იყოს არასასიამოვნო, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს სიმართლის დადგენისთვის. ვთვლით, რომ მხოლოდ რეალური სურათის ჩვენებით და საზოგადოებასთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა," - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

გუშინ თბილისში, მეტრო თავისუფლების მოედანზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. თვითმხილველებმა შემთხვევა გადაიღეს, სადაც ასახულია თუ როგორ აკავებენ ერთ პირს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, რომ პოლიციამ პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 166-ე და 173 მუხლების დარღვევისთვის დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლები 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ან 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

კომენტარები