ჭერის ჩამონგრევა ვარკეთილის მეტროში

კალაძე: მეტროში დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვა და მერია დაფარავს

ტაბულა

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად, დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია დაფარავს. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. კალაძემ დაშავებული მოქალაქეები მოინახულა. 

„დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ. მკურნალობის ყველა ხარჯს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია აანაზღაურებს. მინდა, თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა ვუსურვო. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მეტროსადგურ ვარკეთილის ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. სულ დაშავდა 14 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ვარკეთილის მეტროსადგური ახალი გარემონტებულია. სარემონტო სამუშაოები მეტროში 2017 წლის აგვისტოში დასრულდა. ვარკეთილის მეტროში სარემონეტო სამუშაოები შ.პ.ს ყვარელრემმშენმა ჩაატარა. 

კომენტარები