აშშ-რუსეთი

რუსეთი: აშშ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობს

express.co.uk

რუსეთი აშშ-ს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებს. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირების სიის გამოქვეყნება 18 მარტს დაგეგმილ არჩევნებზე გავლენის მოხდენის "პირდაპირი და აშკარა მცდელობაა." "ჩვენ არ ვეთანხმებით ამას და გვჯერა, რომ ამ მცდელობას არავითარი გავლენა არ ექნება" თქვა მან.

სია ორშაბათს ფინანსთა სამინისტრომ კონგრესს გადაუგზავნა და ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირების სახელებს შეიცავს. მათ შორისაა 96 ოლიგარქი და რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნები.

სამინისტროს განცხადებით ეს სანქციების სია არ არის.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა შავ სიაში შეყვანილ რუსულ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის კომპანიებისა და ქვეყნებისათვის სანქციების დაწესებაზე. ადმინისტრაციას კანონი ავალდებულებდა ორშაბათამდე დაესახელებინა ინდივიდები და კომპანიები, რომლებზეც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის, ადამიანის უფლებების დარღვევის და ყირიმის ანექსიის გამო შესაძლო სანქციები გავრცელდებოდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით ადმინისტრაციამ გადაწყვიტა მთავრობები და კერძო სექტორის წარმომადგენლები გააფრთხილოს, რომ სიაში შეყვანილ რუსულ ორგანიზაციებთან ტრანზაქციები მათზე სანქციების გავრცელებას გამოიწვევს.

"კონკრეტულ ორგანიზაციებზე და პირებზე სანქციების გავრცელება საჭირო აღარ იქნება იმიტომ, რომ საკანონმდებლო აქტი თავისთავად შემაკავებელ ფუნქციას ასრულებს." განაცხადა მან.

სამინისტრომ კონგრესს მეორე ანგარიშიც მიაწოდა, რომლის შინაარსი არ საჯაროვდება, თუმცა შესაძლოა სხვა სახელებსაც შეიცავდეს.

დმიტრი პესკოვი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის დაკავებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ის პუტინის მმართველობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. "პუტინის პოპულარობა სცდება რუსეთის საზღვრებს და არ მგონია ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს იმ ფაქტში, რომ პუტინი აბსოლუტური ლიდერია ხალხის წარმოდგენაში და აბსოლუტური ლიდერია პოლიტიკურ ოლიმპოზე." უთხრა მან ჟურნალისტებს.

კომენტარები