რასიზმი

სასამართლომ რასობრივი დისკრიმინაციის გამო 2 ადამიანს 4-4 წლით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რასობრივ დისკრიმინაციაში ბრალდებულ 2 ადამიანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

ირაკლი ა.-ს და ლევან ა.-ს სასამართლომ დამნაშავედ ცნო რასობრივ დისკრიმინაციაში, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვაში, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება. 

ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2015 წლის 19 სექტემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საღამოს საათებში, მსჯავრდებულებმა ნიგერიის მოქალაქეებს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც არსებითად ხელყო მათი უფლებები.

იმავე დღეს, ლევან ა.-მ, მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარედ, ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სხვა ფერადკანიან პირებს.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულების პიროვნება, მათი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ და ის გარემოება, რომ ისინი იყვნენ ნასამართლობის არმქონე პირები და სასჯელის სახით გამოიყენა წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი. 

ირაკლი ა. და ლევან მ. ფაშისტური დაჯგუფება ბერგმანის წევრები იყვნენ. 2015 წლის სექტემბერში ფეისბუქის გვერდზე Georgian Ultras ვიდეო “ბერგმანი ზანგების წინააღმდეგ” გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი სხვებს ფიზიკურად უსწორდება. ფეისბუქის ექაუნთზე, რომელიც, სავარაუდოდ, თავად ამ მოძალადეთა ჯგუფს ეკუთვნოდა, აღნიშნული იყო, რომ ისინი მსგავს “გაწმენდით სამუშაოებს” ხშირად ატარებენ.

“დინამოს ხულიგნური ფირმა ხშირად აწყობს მსგავს "გაწმენდით სამუშაოებს". თბილისელი ხულიგნების სამიზნეს ძირითადად ფერადკანიანები წარმოადგენენ, მაგრამ წინააღმდეგობა არსებობს ასევე თურქების და არაბების მიმართ’’ - ნათქვამი იყო ვიდეოს აღწერაში.

კომენტარები