მანდატურის სამსახურის რეფორმირება

ახალი კანონპროექტით, მანდატურად მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი დაინიშნება

განათლებისადა მეცნიერების სამინისტრო

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი შინაგან საქმეთა მინიტრისა და განათლების მინისტრის მოადგილეებმა დღეს წარადგინეს. ცვლილებები მანდატურის სამსახურის რეფორმირებას უკავშირდება. ცვილებები შეეხება, როგორც სკოლებში მანდატურების დანიშვნის წესს ასევე, მათ უფლება-მოვალეობებს.

კერძოდ, თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით მანდატური შეიძლება გახდეს ზოგადი განათლების მქონე პირი, ცვლილების შემდეგ, მანდატურად დაინიშნება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი, ასევე მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი აიწევს 21 წლამდე.

„კიდევ უფრო გაიზრდება კოორდინაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. კერძოდ, სკოლაში რიკს-ჯგუფების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებისა და სკოლის გარეთ დანაშაულის პრევენციის მიზნით, მოხდება სამინისტროებს შორის სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს ექნება მოზარდის შეყოვნების და მშობლისთვის და სამართალდარღვევის შემთხვევაში, პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება.“ - წერია კანონპროექტში.

რაც შეეხება მანდატურის დანიშვნის წესს, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ, მანდატურის სამსახურის უფროსს, თავის მხრივ, თანამდებობაზე ნიშნავს განათლების მინისტრი. დღეს წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით იცვლება მანდატურის მომზადების წესიც და თეორიულთან ერთად ისინი პრაქტიკულ კომპონენტებსაც გაივლიან.

მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.

კომენტარები