საკონსტიტუციო სასამართლო

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტობა 70 წელს გადაცილებულ პირებსაც შეეძლებათ

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა მოქალაქეების - გუჩა კვარაცხელიას, გივი ცინცაძის, გიორგი თავაძის, ელიზბარ ჯაველიძისა და სხვების (სულ 17 მოსარჩელე) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, მოსარჩელე მხარე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა. სადავო ნორმის მიხედვით, აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არ შეიძლება აირჩეს 70 წელს გადაცილებული პირი.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია. მათი თქმით, "70 წელს გადაცილებულ ქმედუნარიან, ჯანსაღი ფსიქიკისა და გონებრივი მონაცემების მფლობელ აკადემიკოსებს, მხოლოდ  ასაკიდან გამომდინარე, ერთმევათ უფლება, გამოიყენონ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში". შესაბამისად, მოსარჩელეების შეფასებით, სადავო ნორმა ერთი და იგივე კატეგორიის, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ითვალისწინებს განსხვავებულ მოპყრობას.

მოსარჩელე მხარე ითხოვდა სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. კონსტიტუციის ხსენებული ნორმის თანახმად: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია...".

საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ ცნო კონსტიტუციური სარჩელი. მისი მითითებით, ზოგადად, კანონმდებლობით ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება აპრიორი არ არღვევს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა ბლანკეტური ხასიათისაა და, ამავე დროს, 70 წელს მიუღწეველი აკადემიკოსების რაოდენობის სიმცირიდან გამომდინარე, იქმნება შესაძლებლობა, რომ მომავალში ფაქტობრივად ვერ მოხდეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევა. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, სწორედ ამ არგუმენტაციის გათვალისწინებით, მოპასუხეს (საქართველოს პარლამენტი) მიაჩნია, რომ სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა არ არის რაციონალური.

საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, ფაქტი, რომ ასაკის მატების თანმდევი შედეგია ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობების შესუსტება და გარკვეული უნარების დაქვეითება, თავისთავად ვერ გახდება ასაკთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვის დაწესების საფუძველი.

საკონსტიტუციო სასამართლომ აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობების განხორციელებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ ამ თანამდებობებზე საქმიანობა რ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ფიზიკურ მოთხოვნებთან. მეტიც, "მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სპეციფიკიდან გამომდინარე, დასახელებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულებას, შესაძლოა, განაპირობებდეს კიდეც ასაკის მატებასთან ერთად დაგროვებული ცოდნა, გამოცდილება თუ ინსტიტუციური მეხსიერება".

აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ "სადავო ნორმით დადგენილ არსებითად თანასწორ პირთა მიმართ დიფერენცირებული მიდგომა არ არის რაციონალურ და ლოგიკურ კავშირში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფის მიზანთან, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, ის წარმოადგენს დისკრიმინაციულ დიფერენცირებას და უნდა იქნეს ცნობილი არაკონსტიტუციურად".

ნორმა ძალადაკარგულად გამოცხადდა ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

კომენტარები