ხანძარი

დამწვარი სავაჭრო ცენტრი ორი დღის შემდეგ უნდა დაზღვეულიყო

TV Kvemo Kartli

თბილისში სავაჭრო ცენტრ "თერგში" მეხანძრეები უკანასკნელი კერების ჩაქრობას ცდილობენ. ჩაქრობის შემდეგ, სამართალდამცავები შეეცდებიან დაადგინონ რამ გამოიწვია ტერიტორიის აალება და 3000 კვადრატული მეტრის დაწვა. დამწვარი ბაზრობის მფლობელი შპს თერგი 1-ია. 

დამწვარი ბაზრობა ორი დღის შემდეგ, 1 მარტს სავალდებულო წესით უნდა დაზღვეულიყო. სწორედ 1 მარტს უნდა ამოქმედდეს მთავრობის დადგენილება, რომლითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს მესამე პირის მიმართ მიყენებული ზიანის სავალდებულო წესით დაზღვევა დაევალებათ.

ტაბულასთან საუბარში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხდეველობის სამსახურის უფროსმა კოტე სულამანიძემ განაცხადა, რომ შპს თერგი 1 სავალდებულო დაზღვევის შესაძენად სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპზე იყო.

"საუბარია პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, არის ადმინისტრატორი, რომელიც მართავს ბაზრობას/სავაჭრო ცენტრს, ამ ადმინისტრატორის ბრალეულობით თუ რაღაც მოხდა და ზიანი მიადგათ იქ მყოფებს, მოვაჭრეებსა თუ ფიზიკურ პირებს, თავისთავად სადაზღვევო კომპანია ამას აანაზღაურებს. ეს არის პასუხისმგებლობის დაზღვევა რა მიმართულებითაც მივდივართ ჩვენ. მოვაჭრეებზე არაა საუბარი, საუბარია ობიექტების ადმინისტრატორებზე, მათ უწესდებათ მესამე პირის წინაშე წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება", - ამბობს სულამანიძე.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებზე დაზარალებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სადაზღვევო ლიმიტი 300,000 ლარია, ხოლო ობიექტში არსებული მეწარმე სუბიექტების ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე (თითოეულ მეწარმეზე) 15 000 ლარის ლიმიტი, ჯამში არაუმეტეს 15 მილიონი ლარისა.

ამ დროისთვის არ არსებობს კანონი, რომლითაც სავალდებულო დაზღვევის არქონა ისჯება, შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს. კოტე სულამანიძის განცხადებით, მათ მიერ შემუშავებული პროექტით სავალდებულო დაზღვევის არქონა პირველ ჯერზე 1000 ლარიანი ჯარიმით დაისჯება, ხოლო მაქსიმალური სანქცია კი 5000 ლარი იქნება. სააგენტო კანონში შესაბამისი ცვლილების მიღებას 1 მაისისთვის ვარაუდობს.

სავალდებულო დაზღვევა ასევე გავრცელდება 100-ნომერზე უფრო დიდ სასტუმროებსა და ავტოგასამართ სადგურებზე.

ჯამში ცვლილება დაახლოებით 120 სასტუმროს, 200 ბაზრობას და 1900 ავტოგასამართ სადგურს ეხება.

კომენტარები