"ქალაქის გულის" იურისტი: აღდგენა მალე დაიწყება, დაზარალებულებს ექნებათ შეღავათები

ტაბულა

სავაჭრო ცენტრ "ქალაქის გულის" იურისტის განცხადებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 240 მოვაჭრე დაზარალდა. გიგა კვერენჩხილაძე ამბობს, რომ ადმინისტრაცია დაზარალებულ მოვაჭრეთა ნაწილს უკვე შეხვდა და სხვებსაც ეტაპობრივად შეხვდება.

"დაზარალებულთა ნაწილთან მოხდა შეხვერა, ყველასთან ბუნებრივია, ჯერჯერობით ვერ მოესწრო. მინდა დავარწმუნო ყველა დაზარალებული, რომ უახლოეს პერიოდში, როგორც კი დასრულდება საექსპერტო-კრიმინალისტური სამუშაოები, დაიწყება სავაჭრო ცენტრის აღდგენა. ჩვეულებრივ გაგრძელდება სავაჭრო პროცესი. ყველა ის ადამიანი, ვინც აქ ვაჭრობდა, ბუნებრივია, კვლავ მიიღებს სავაჭრო ადგილს და რაღაც პერიოდის განმავლობაში ისარგებლებს შეღავათებით", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.

მისივე თქმით, ყველა დაზარალებულ მოვაჭრეს შესთავაზებენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს.

სავაჭრო ცენტრ "თერგს" ცეცხლი 26 თებერვალს, გვიან ღამით გაუჩნდა. პირველადი ინფორმაციით, დამწვარია 3 000 მ2-ის ფართობი.

ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ დამწვარი ბაზრობა ორი დღის შემდეგ, 1 მარტს სავალდებულო წესით უნდა დაზღვეულიყო. სწორედ 1 მარტს უნდა ამოქმედდეს მთავრობის დადგენილება, რომლითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს მესამე პირის მიმართ მიყენებული ზიანის სავალდებულო წესით დაზღვევა დაევალებათ.

კომენტარები