კალაძე: დამწვარი სავაჭრო ცენტრი დაიბრუნებს თავის ფუნქციას

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დამწვარი სავაჭრო ცენტი თავის ფუნქციას დაიბრუნებს. ამის შესახებ კალაძემ დღევანდელი მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, როცა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობას დაასრულებენ დამწვარი ფართების აღდგენა დაიწყება. 

"სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო შეხვედრები მოიჯარეებთან, რათა დეტალურად გაიარონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხები. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში, როდესაც ექსპერტ-კრიმინალისტები დაასრულებენ მუშაობას, დაიწყება სამუშაოები დამწვარი ფართების აღსადგენად და ეს სავაჭრო ცენტრი დაიბრუნებს თავის ფუნქციას. იქამდე კი, იმ ადამიანებს, რომელთა საქონელიც გადარჩა, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია სთავაზობს ალტერნატიულ ფართებს, რათა შეუფერხებლად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა დამწვარი ფართის აღდგენამდე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ვითარებაში ორივე მხარემ შეძლოს თანამშრომლობა და სწორი კომუნიკაცია, რათა უარყოფითი შედეგები მინიმუმამდე დავიდეს." - თქვა კალაძემ. 

სავაჭრო ცენტრ "თერგს" ცეცხლი 26 თებერვალს, გვიან ღამით გაუჩნდა. პირველადი ინფორმაციით, დამწვარია 3 000 მ2-ის ფართობი.

ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები