ხე-ტყე

თებერვალში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 573 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 573 ფაქტი გამოავლინეს. უწყებაში აცხადბენ, რომ აქედან 35 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

სამინისტროს ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა, ყველაზე ნაკლები კი გურიის. რეგიონების მიხედვით მონაცემები ასეთია:

  • კახეთი - 206;
  • სამცხე-ჯავახეთი - 90;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 61; 
  • ქვემო ქართლი - 50;
  • იმერეთი - 45;
  • შიდა ქართლი - 42;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26;
  • მცხეთა-მთიანეთი - 22;
  • აჭარა - 21;
  • გურია -10.

უწყებაში აცხადებენ, რომ ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1280 მ3-მდე ხე-ტყე.

გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 46 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 26 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი. 

კომენტარები