სავალდებულო დაზღვევა

მთავრობა დააჯარიმებს ყველა ობიექტს, რომელიც სავალდებულო დაზღვევას არ შეიძენს

Reuters

2018 წლის პირველი მარტიდან საქართველოში სავაჭრო ცენტრების, ავტოგასამართი სადგურების, ბაზრობებისა და 100 ნომერზე უფრო დიდი სასტუმროების სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდა.

ობიექტის მფლობელი ვალდებულია აიღოს მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სადაზღვევო პაკეტი. ეს ნიშნავს, რომ თუ ბაზრობას ან სასტუმროს მიადგა ზიანი, რამაც გამოიწვია სხვა მესამე პირებისთვის (მაგალითად ობიექტის მოიჯარეებისთვის, ან სტუმრებისთვის) მატერიალური ზარალი, ამ პირებს სადაზღვევო კომპანია ზარალს აუნაზღაურებს.

ტაბულასთან საუბარში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა კოტე სულამანიძემ განაცხადა, რომ მთავრობა ამ დროისთვის მუშაობს ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექსში ახალი მუხლის ჩამატებაზე, რომლითაც სავალდებულო დაზღვევის არქონა დაისჯება.

პროექტის მიხედვით, დაზღვევის არქონა პირველ ჯერზე 1000 ლარიანი ჯარიმით დაისჯება, ხოლო მაქსიმალური სანქცია კი 5000 ლარი იქნება. დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტო კანონში შესაბამისი ცვლილების მიღებას 1 მაისისთვის ვარაუდობს.

ცვლილება დაახლოებით 120 სასტუმროს, 200 ბაზრობას და 1900 ავტოგასამართ სადგურს ეხება.

რაც შეეხება 27 თებერვალს დამწვარ სავაჭრო ცენტრ თერგს, ობიექტი დაზღვეული არ იყო. დაზღვევის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ობიექტის მეპატრონეები სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების დასადებად ემზადებოდნენ.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებზე დაზარალებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სადაზღვევო ლიმიტი 300,000 ლარია, ხოლო ობიექტში არსებული მეწარმე სუბიექტების ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე (თითოეულ მეწარმეზე) 15 000 ლარის ლიმიტი, ჯამში არაუმეტეს 15 მილიონი ლარისა.

კომენტარები