საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქო: ნიკა გვარამიამ თვითონ ითხოვა პატრიარქთან შეხვედრა

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის "რუსთავი 2"-ის დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ნიკა გვარამიამ კათოლიკოს-პატრიარქთან შეხევდრა თავად ითხოვა.

"ა.წ. 15 მარტს, ხუთშაბათს, შედგა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ბ-ნ ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიას შეხვედრა სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.

სამწუხაროდ, იმ დღესვე გავრცელდა და "შაბათის კურიერის", "პრომოშიც" გამეორდა აზრი იმის შესახებ, თითქოს ეს შეხვედრა მოხდა მისი უწმინდესობის, ილია II-ის ინიციატივით, რაც არასწორია.  

ბ-ნმა ნიკოლოზ(ნიკა) გვარამიამ თვითონ ითხოვა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა, შუამავლობა კი გაწია მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი). ამას ადასტურებს მეუფე ვახტანგიც და კათოლიკოს-პატრიარქიც.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ბ-ნი ნ. გვარამიას მოსვლის მიზანი იყო, ეთქვა მისი უწმინდესობისათვის, რომ სურდა, ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ, რადგან მას, როგორც იურისტს, მიაჩნია, რომ დეკანოზი ამას იმსახურებს.

კათოლიკოს-პატრიარქმა უპასუხა, რომ მას მამა გიორგის დაჭერა არ მოუსურვებია  და საქმის საგამოძიებო დეტალებიც არ იცის, ამდენად მისი (ანუ ნ.გვარამიას)ნებაა, თუ როგორ იმოქმედებს.

P.S.რომ არა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შესახებ გაჟღერებული არასწორი ინფორმაცია, ეს განმარტება არ გაკეთდებოდა." - წერია განცხადებაში.

15 მარტს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, საქართველოს პატრიარქს ილია II-ს შეხვდა. გვარამიას თქმით, მათ სხვა საკითხებთან ერთად, დეკანოზ მამალაძეზეც ისაუბრეს.

კომენტარები