თავდასხმა ობიექტივის ჟურნალისტებზე

ტელეკომპანია ობიექტივის ჟურნალისტებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს

ობიექტივი

ტელეკომპანია ობიექტივის თანამშრომლებს თავს დაესხნენ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. 

უწყების ცნობით, 112-ში 14:10 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ცუცქირიძის ქუჩაზე მოქალაქეები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

პირველადი ინფორმაციით, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტი, 1994 წელს დაბადებული ნ.ლ და ოპერატორი, 1993 წელს დაბადებული დ.მ. დაგეგმილი სიუჟეტისთვის ვიდეომასალას აგროვებდნენ, რისთვისაც ცუცქირიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას იღებდნენ. გადამღებ ჯგუფს იმავე ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს მფლობელთან, 1960 წელს დაბადებულ გ.ე.- სთან და 1996 წელს დაბადებული ე.ე.-სთან სიტყვიერი კონფლიქტი მოუხდათ, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ამ დროისთვის, „ობიექტივის“ თანამშრომლები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ, სხეულის დაზიანებებით, საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ინციდენტში მონაწილე ორივე მხარის, გ.ე.-ს, ე.ე.-სა და დ.მ.-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. 

საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც

ორგანიზაციის განცხადებით, "შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას. მნიშვნელოვანია გამოძიებამ დაადგინოს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობა ხომ არ იყო დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაში ხელის შეშლასთან. საია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება". 

ტელეკომპანია ობიექტივის ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შესახებ განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა ჟურნალისტს მიეცეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების უფლება, რისი უზრუნველყოფისთვის ხელისუფლებამ ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს.

ქარტია სამართალდამცავებს მოუწოდებს, დროულად და ადეკვატურად გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტი.

კომენტარები