აშშ-რუსეთი

აშშ ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს გააძევებს და სიეტლში საკონსულოს დახურავს

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატის გაძევების და სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვის ბრძანება გასცა.

აშშ-მა ეს ნაბიჯი დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის რუსული ქიმიური იარაღით მოწამვლის საპასუხოდ მიიღო.

ქვეყნიდან გაძევებულებს შორის იქნება ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში რუსეთის მისიის 12 წევრი.

შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. დონალდ ტრამპმა ტერეზა მეის მხარდაჭერა გამოუცხადა. რუსეთი მოწამვლაში მონაწილეობას უარყოფს.

გასული წლის სექტემბერში რუსეთში ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირების საპასუხოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სან-ფრანცისკოში რუსეთის საკონსულო და ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში კი რუსული სავაჭრო მისიები დახურა. მაშინ აშშ-ს რუსი დიპლომატები არ გაუძევებია.

კომენტარები