ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა 21 ცალი ყალბი 100 დოლარიანი გაასაღა.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქალაქ რუსთავში, ჯამში 2 100 აშშ დოლარის ოდენობის 21 ერთეული ყალბი 100 - დოლარიანი კუპიურა გაასაღა." - წერია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.