კემეროვოს ტრაგედია

კემეროვოს გუბერნატორმა ტრაგედიის გამო თანამდებობა დატოვა

Ria novosti

კემეროვოს გუბერნატორმა, ამან ტულეიევმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა ტრაგედიის შემდეგ. მისი გადადგომის შესახებ ვიდეო მიმართვა ოლქის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელდა.

73 წლის ტულეიევი კემეროვოს გუბერნატორის პოსტს 1997 წლიდან იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 64 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 41 ბავშვი.

ტრაგედიის შემდეგ ათასობით ადამიანმა ოლქის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციები გამართა და გუბერნატორის და მერის გადადგომას მოითხოვა. კემეროვოს მოსახლეობა ხელისუფლებისგან მსხვერპლის რეალური რაოდენობის და ხანძრის გამომწვევი მიზეზების გასაჯაროებას, დამნაშავე პირების გამოვლენასა და დასჯას ითხოვდა.

გამოძიების თანახმად, ხანძრის სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვა იყო. ცნობილია ისიც, რომ სავაჭრო ცენტრის სახანძრო სიგნალიზაცია გამორთული იყო, ავარიული გასასვლელები კი გადაკეტილი.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით ხანძარი “დანაშაულებრივი გულგრილობის” შედეგია.

კომენტარები