ყაჩაღობა

ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნეს. 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. ბათუმში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 4 მაისს, ბათუმში, სავაჭრო ცენტრში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, მოლარეს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა. შემთხვევის ადგილის მეზობლად მდებარე მაღაზიის თანამშრომლებმა გ.მ.-ს შეჩერება სცადეს, თუმცა მან გაქცევა მოახერხა. შენობის გარეთ გასული ბრალდებულის შეჩერებას იქვე მყოფი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ოფიცერიც შეეცადა, თუმცა, გ.მ. მასაც დაუსხლტა. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომელმა იგი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში  დააკავა." - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები