დღეს 14:00-დან თბილისის ერთ-ერთი უმთავრესი სატრანსპორტო არტერია - მეტრო მუშაობას განაახლებს, შედეგად ქალაქში წარმოშობილი სატრანსპორტო კრიზისი დასრულდება. თბილისის მერიამ აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ფრანგული კომპანია SYSTRA-ს დახმარებით ორი წლის წინ მოამზადა კვლევა, რომელშიც დედაქალაქში კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ათვისების მაჩვენებლებს ეხება.
კვლევის მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეებს - მეტროს, ავტობუსებსა და მარშუტკებს ყველაზე დაბალი სიხშირით ვაკის მოსახლეობა იყენებს. ვაკის საშუალო მაცხოვრებელი დღის განმავლობაში 0.49-ჯერ იყენებს საქალაქო ტრანსპორტს, როდესაც ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალია დიდუბეში და ის 0.66 გადაადგილებას შეადგენს.
უბნების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების სიხშირე ასეთია:
- დიდუბე - 0.66 გადაადგილება დღეში ერთ მოსახლეზე
- ნაძალადევი - 0.60 გადაადგილება დღეში ერთ მოსახლეზე
- დიღომი - 0.59 გადაადგილება დღეში ერთ მოსახლეზე
- საბურთალო - 0.57 გადაადგილება დღეში ერთ მოსახლეზე
- ვარკეთილი - 0.55 გადაადგილება დღეში ერთ მოსახლეზე
- გლდანი - 0.53 გადაადგილება დღეში ერთ მოსახლეზე
- ვაკე - 0.49 გადაადგილება დღეში ერთ მოსახლეზე
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება სიხშირე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია შინამეურნეობაში (ოჯახში) არსებული ავტომანქანების რაოდენობაზე:რაც უფრო მეტი ავტომანქანაა შინამეურნეობაში მით უფრო ნაკლებია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება.
კვლევის მიხედვით, შინამეურნეობების მიხედვით ყველაზე მეტი ავტომობილი ვაკე-საბურთალოზე მოდის. ვაკეში შინამეურნეობების 70%-ს ჰყავს საკუთარი ავტომობილი. საბურთალოზე კი ეს მაჩვენებელი 72%-ია. დედაქალაქის საშუალო მაჩვენებელი კი 51%-ს შეადგენს.
უბნების მიხედვით, ავტომობილის მქონე შინამეურნეობების განაწილება ასეთია:
- საბურთალო 72%
- ვაკე 70%
- ჩუღურეთი 60%
- მთაწმინდა 56%
- გლდანი - 49%
- დიდუბე 45%
- სამგორი 43%
- ისანი 42%
- ნაძალადევი 38%
მეორე და მესამე ავტომობილების რაოდენობა ყველაზე მაღალი ასევე ვაკე-საბურთალოზეა. აქ ოჯახების 13%-ს ერთზე მეტი ავტომობილი ჰყავს.
კვლევის მიხედვით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს უფრო მეტად ქალები მოიხმარენ ვიდრე კაცები. ქალები დღეში საშუალოდ 0.68-ჯერ იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, კაცები კი 0.52-ჯერ.