დროებითი საგამოძიებო კომისია

კაპანაძე: კომისია დაიბარებს ყველას, ვის მიმართაც კითხვებია - შოთაძეს, წულუკიანს

ტაბულა

ხორავას მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა პარლამენტში გაიმართა. 

კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს კითხვები კომისიიის მუშაობის პროცესის მიმდინარეობასთან და გამჭვირვალობასთან ჰქონდათ. კაპანაძე ამბობს, რომ მათი მიდგომაა, ყველა იმ კითხვას, რომელიც დღეს არსებობს, პასუხი გაეცეს. 

"ჩვენი მიზანია, ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს შემხებლობა ამ საკითხთან, კომისიის სხდომაზე მოვიყვანოთ. არ აქვს მნიშვნელობა მათ თანამდებობას, ყოფილ თანამდებობას, პოლიტიკურ წონას და ა.შ, ეს შეზღუდვა არ იქნება. ჩვენ, ყველა ბერკეტის გამოყენებით ვეცდებით წინ წავწიოთ ეს საკითხი. ჩვენი ფუნქცია და ამოცანა არ არის ვინმეს დაჭერა, ჩვენი ფუნქციაა ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა. რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანებს, ჩვენთან სხდომაზე მოვლენ ის ადამიანები, ვის მიმართაც კითხვები გაჩნდა, ბატონი შოთაძე იქნება, ბატონი სუბელიანი იქნება, მათ შორის შეიძლება ქალბატონი თეა წულუკიანიც, ამას გადაწყვეტს ყველაფერს კომისია, როგორც კი დაიწყებს მუშაობას", - თქვა კომისიის თავმჯდომარემ. 

კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე იმუშავებს, პირველად  ხვალ შეიკრიბება. შეხვედრას ზაზა სარალიძეც დაესწრება. 

კომისია, რომელიც პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა, 17 ადამიანისგან შედგება, მის უმრავლესობას - 9 წევრი, ევროპული საქართველო წარმოადგენს, ქართული ოცნება კი 6 დეპუტატით არის წარმოდგენილი. 

კომისიის შემადგენლობაში ევროპული საქართველოს მხრიდან არიან სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი. 

ქართული ოცნების მხრიდან: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე. 

ასევე, კომისიის წევრები არიან პატრიოტთა ალიანსის წევრი ადა მარშანია და დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. 

კომისია სამი თვის განმავლობაში იმუშავებს. 

კომენტარები