კახიძე: მოვუწოდებთ ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ სუბელიანი არ მიემალოს გამოძიებას

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის ოთო კახიძის თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთერთი მთავარი ფიგურანტი მირზა სუბელიანი წარდგეს დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე. კახიძე მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ სუბელიანი არ მიემალოს გამოძიებას.

"როგორც მოგეხსენებათ კომისიის წევრები შევხდით ბატონ ზაზა სარალიძეს, ასევე მის ადვოკატს და სახალხო დამცველს. წინასწარი ინფორმაციით, ერთერთი მთავარი ფიგურანტი საგამოძიებო საქმეში გახლავთ ბატონი მირზა სუბელიანი. სანამ დავიწყებთ საქმის მასალების შესწავალს და სანამ კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მირზა სუბელიანი არ მიემალოს გამოძიებას და უზრუნველყოფილი იყოს მისი გამოცხადება საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად. ამიტომ მინდა მოვუწოდო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, რომ იმ შემთხვევაში თუ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები ბატონი სუბელიანის მიმამლვის საფრთხის თაობაზე, აგრეთვე მტკიცებულებები მოწმეებზე ზემოქმედების თაობაზე, გატარებულ იყოს შესაბამისი ზომები, ვინაიდან უაღრესად მნიშვნელოვანია ბატონი სუბელიანის გამოცხადება კომისიის წინაშე და ახსნა-განმარტების მიცემა." - ამბობს კახიძე.

დროებითი საგამოძიებო კომისია ევროპული საქართველოს ინიციატივით შეიქმნა. კომისია გუშინ პირველად შეიკრიბა და სამი თვის განმავლობაში იმუშავებს. ის დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მასალებს შეისწავლის, ასევე, როგორც მისმა თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ თქვა, კომისიის პირობებში გამოიკითხება ყველა ადამიანი, ვის მიმართაც ამ საქმესთან დაკავშირებით, კითხვები არსებობს.

მთლიანობაში კომისია 17 ადამიანისგან შედგება, მის უმრავლესობას - 9 წევრი, ევროპული საქართველო წარმოადგენს, ქართული ოცნება კი 6 დეპუტატით არის წარმოდგენილი.

კომენტარები