კრიმინალი

შსს: ესპანეთში სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრი დავაკავეთ [video]

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ესპანეთში სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ამის შესახებ ცნობილი გახდა შსს-ის მიერ გამართულ ბრიფინგზე. მათი ცნობით, ესპანეთის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, "კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური სპეცოპერაცია" ჩაატარა, სახელად "კუში-2". სპეცოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული ინტერპოლი და ევროპოლი.

უწყების ინფორმაციით, სპეციალური საპოლიციო ღონისძიება ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობდა. მასში 800-ზე მეტი ესპანელი სამართალდამცველი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

სპეცოპერაციის საშუალებით გამოვლინდა სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც, ეროვნებით სომეხ ე.წ "კანონიერ ქურდთან" ერთად, ძმები შუშანაშვილები ხელმძღვანელობენ.

შსს-ის ცნობით, ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში დააკავეს სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრი, მათ შორის 7 "კანონიერი ქურდი". ისინი, ძირითადად, სომხური წარმოშობის პირები არიან.

ამავე სპეცოპერაციის შედეგად, მადრიდსა და ვალენსიაში დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე, ეროვნებით ქართველი - 1971 წელს დაბადებული პ.ჯ. და 1974 წელს დაბადებული მ.კ.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ პ.ჯ. აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული დაჯგუფების კრიმინალურ საქმიანობაში. მას სახლში ძვირფასი ლითონების გადამამუშავებელი უკანონო საამქრო ჰქონდა მოწყობილი, სადაც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ნაქურდალი ძვირფასეულობის გადადნობა, მისგან ოქროს ზოდებისა და ნაკეთობების დამზადება ხდებოდა. გამოძიების ინფორმაციით, მ.კ. კი სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების მიერ უკანონო გზით მოპოვებულ ფინანსებს განკარგავდა" - აცხადებს შსს და განმარტავს, რომ ორივე დაკავებული საქართველოს მოქალაქე ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად გასამართლდება. მათ გამოძიება ესპანეთის სსკ-ს 515-ე და 301-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც კრიმინალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და ფულის გათეთრებას გულისხმობს.

სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრებს ბრალად ედებათ კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, ფულის გათეთრება, საცხოვრებელ სახლებში უკანონო შეღწევა, ავტომობილებით უკანონო ვაჭრობა, თამბაქოს კონტრაბანდა, იარაღის უკანონო ფლობა, დოკუმენტაციის გაყალბება, თაღლითობა, გამოძალვა და კორუფცია სპორტულ გარიგებებში.

შსს-ს ცნობით, აღნიშნული კრიმინალური დაჯგუფების გამოსავლენად გამოძიება რამდენიმე ეტაპად, ორწელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაცია ევროპოლმა და ინტერპოლმა შეაფასეს, როგორც 2010 წლიდან დღემდე, ყოფილი საბჭოთა წარმოშობის საერთაშორისო ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ჩატარებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიება" - აცხადებს საგამოძიებო უწყება.

კომენტარები