ბესელია: ხოშტარიას საქციელი არის შეუფერებელი, უღირსი საქციელი დეპუტატის მხრიდან

ტაბულა

ეკა ბესელიას თქმით, ევროპული საქართველოს წევრების საქციელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიას მანდატს უკარგავს. 

ქართული ოცნების წევრი ხოშტარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ როდესაც შსს-ის წარმომადგენლებს კითხვებზე პასუხები არ აქვთ, უმრავლესობის წევრები კომისიის ჩაშლას ცდილობენ. მისივე თქმით, უმრავლესობის წევრებს სიმართლის დადგენა არ სურთ. 

ბესელია ამბობს, რომ ხოშტარია კომისიის წევრებს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებს. 

„ახლა რაც ხდება ქალბატონი ხოშტარიასა და სხვათა მხრიდან, არის აბსოლუტურად შეუფერებელი, უღირსი საქციელი დეპუტატის მხრიდან, რომელიც ვერ აკონტროლებს თავს, გადადის პერსონალურ შეურაცხყოფებზე, პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებს კომისიის წევრებს, მოწვეულ პირებს. მე მგონია, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ გაცნობიერებული არ აქვთ, რა მანდატი აქვთ, რა უფლება-მოვალეობა აქვს ჯერ როგორც დეპუტატს და შემდეგ, როგორც ამ კომისიის წევრს. ესენი არიან აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, კანონისადმი უპატივცემულოდ განწყობილი ადამიანები და ამ კომისიას „ევროპულმა საქართველომ“ მართლაც დაუკარგა ის ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი, რისთვისაც ის შეიქმნა“, - თქვა ეკა ბესელიამ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, უმრავლესობის წევრების უკმაყოფილება, რამდენჯერმე, ევროპული საქართველოს წევრების მხრიდან შსს-ს წარმომადგენლებისათვის დასმულმა დამაზუსტებელმა კითხვებმა გამოიწვია. 

კომისიის დღევანდელ სხდომაზე სხდომაზე თბილისის პოლიციის უფროსის შალვა ბედოიძეს და თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს ირაკლი ფიფიას მოუსმინეს. ასევე, ახსნა-განმარტებები მიიღეს 51-ე სკოლის დირექტორის, მანანა თურქაძის,  ამავე სკოლის დირექტორის მოადგილეს, თინათინ ყენიას და 1-ლი ექსპერიმენტალური სკოლის დირექტორის, ხათუნა ბარაბაძისგან.

კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, მომდევნო კვირას, კონკრეტულად კი ოთხშაბათს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს მოუსმენენ. დაგეგმილია დამოუკიდებელი ექსპერტიზის მოსმენაც. 

მანამდე კი, ორშაბათს და სამშაბათს სამკაციანი ჯგუფის ფორმატში კომისიის წევრები თვითმხილველებს შეხვდებიან. ისინი ორშაბათს, 9 ივლისს - სრულწლოვნებს გამოკითხავენ, სამშაბათს, 10 ივლისს კი - არასრულწლოვან თვითმხილველებს. 11 ივლისს კომისიის სხდომა ექსპერტების გამოკითხვით გაგრძელდება. 

კომენტარები