მკვლელობა ხადას ხეობაში

შსს: ხადას ხეობაში კაცი და 4 წლის ბავშვი 20 წლის პირმა მოკლა, ქალი გაქცევისას ხევში გადავარდა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 ივლისს ხადას ხეობაში დაღუპული ოჯახის ორი წევრი მოკლულია - კაცი და ბავშვი, ქალი კი გაქცევისას ხევში გადავარდა. 

უწყებამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 ან მეტი პირის, მათ შორის დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული მ.კ დააკავა. 

ჩადენილი დანაშაული უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მოკლულები არიან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი. 

შსს-ის ცნობით, 112-ზე საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 ადამიანის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 6 ივლისს შევიდა. 

შეტყობინების ავტორმა 112-ს უთხრა, რომ დაკარგულები ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. 

უწყების ცნობით, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ სამართალდამცველებმა სოფელ წკერში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.

ცოლ-ქმრის ცხედარი 6 ივლისს, შაბათს იპოვნეს, მათი შვილის ცხედარი კი მომდევნო დღეს. ქალის ცხედარი მანქანიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში იპოვეს. 

შსს-ის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით არც ერთ დაღუპულს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.

უიწყებისვე ცნობით, თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

თუმცა, სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემის მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა

სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა. მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 4 წლის ბავშვის ცხედარიც. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა რ.ს-ს და მის შვილს, ხოლო ლ.ს შემთხვევის ადგილიდან გაქცევის დროს ხევში გადავარდა და დაიღუპა. დაკავებულმა რ.ს შემთხვევის ადგილზე დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისმხობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას დამნაშავისათვის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობას.

ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ცოლ-ქმარი საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქეობა მათ 2012 წლიდან მიიღეს. მომხდართან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება", - თქვა შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე. 

კომენტარები