დროებითი საგამოძიებო კომისია

საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს 13:00 საათზე, ექსპერტების დაკითხვით განახლდება

მეორე არხი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს 13:00 საათზე განახლდება. დღევანდელ სხდომაზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს დაკითხავენ. მომდევნო სხდომებზე დაგეგმილია დამოუკიდებელი ექსპერტიზის მოსმენაც. 

კომისიამ უკვე გამოკითხა საქმის პროკურორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელი, ასევე დაღუპულების, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მშობლები, სკოლების დირექტორები და ორი თვითმხილველი მოზარდი. ასევე დახურულ ფორმატში გაესაუბრა 51-ე სკოლის მოსწავლეებს და მანდატურებს.

დაგეგმილია მაღალი თანამდებობის მოქმედი და ყოფილი პირების გამოკითხვაც, მათ შორის იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასი და ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის. 

ხორავას ქუჩაზე მოზარდებმა 1-ლ დეკემბერს იჩხუბეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ორი არასრულწლოვანი - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. კომისიის სხდომებზე გაირკვა, რომ ჩხუბის დროს დაიჭრა კიდევ ერთი არასრულწლოვანი. 

კომენტარები