თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

შემზარავი ვიდეო და ურთიერთბრალდებები

.facebook.com/taso.losaberidze

14 ივლისს facebook-ის მომხმარებელმა ტასო ლოსაბერიძემ ატვირთა ვიდეო, რომელზეც თბილისის ცხოველთა თავშესაფრის საკარანტინო ოთახია ასახული. ვიდეოში ჩანს, რომ მკვდარ ძაღლებს შორისაა მომაკვდავი ლეკვიც, რომელიც სისხლის გუბეში წევს. 

საკარანტინე ოთახში არსებული ცხოველები სპეციალურ ბიოთერმულ ორმოში, ე.წ. ბეიკერის ორმოში, გადასატანად არიან გამზადებული, სადაც მათი განადგურება ხდება. თუ ცოცხალი ლეკვი მკვდარ ძაღლებთენ ერთად განადგურებისთვის განკუთვნილ ოთახში მოხვდა, ეს სავარაუდოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის დარღვევა იქნება. ქართული კანონმდებლობა კრძალავს ცხოველისადმი ისეთი მოპყრობას, რამაც მისი დასახიჩრება ან სიკვდილი გამოიწვია, აღნიშნული მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 2-წლიანი პატიმრობაა.

თბილისის მერიის ცხოველების მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია ვიდეოს, რომელზეც სპეციალურ ბიოთერმულ ოთახში გადასატანად გამზადებულ მკვდარ ძაღლებს შორის მომაკვდავი ლეკვიც ჩანს დადგმულს უწოდებს. ლომჯარია ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს და ეს ვიდეო დადგმულია. საკარანტინე ოთახში ძაღლების სიმრავლეს ლომჯარია ხსნის იმით, რომ ისინი ქალაქ რუსთავსაც ემსახურებიან.

"აქ არის პირველ რიგში დაინტერესებული მხარეები, რომელთაც ჩვენ არ ვევაჭრეთ და არ დავნიშნეთ ხალხი შესაბამის თანამდებობებზე, არ მოვახდინეთ მათთან შესაბამისი შეთანხმებები, რომლებიც ჩემთვის მიუღებელი იყო. ქალაქ რუსთავს არ აქვს ბიოთერმულ ორმოსთან ხელშეკრულება გაფორმებული და შესაბამისად ჩვენ ვემსახურებით რუსთავიდან და თბილისიდან მიღებული ლეშების გადატანას ბიოთერმულ ორმოში. ამ პროცედურამდე ლეშების შეტანა ხდება სპეციალურ ოთახში, რომელიც მდებარეობს საკარანტინო ზონაში და მასში დაცულია ჰიგიენურ-სანიტარული ზომები,"- ამბობს ლომჯარია. 

თავად ლოსაბერიძე ამბობს რომ მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველების მიმართ სისასტიკემ სისტემური ხასიათი მიიღო.

"ეს ვიდეო არის გადაღებული ლეშების ოთახში, სადაც მკვდარ ცხოველებს ათავსებენ, ლეშების ოთახში არის ცოცხალი ლეკვი, რომელიც სისხლის გუბეში წევს, სულს ღაფავს. მრავალი ფაქტი დაგროვდა, რომ თავშესაფარში არის სისასტიკე, თავშესაფარში იხოცება ცხოველები, ვირუსისგან თუ გულგრილობისგან,"- ამბობს ლოსაბერიძე.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამაც. დედაქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, ცხოველების მონიტორინგის სააგენტო ხვალ 11:00-ზე საზოგადოებას მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მიაწვდის, რომ "ვახტანგ ლომჯარია საზოგადოებას თავშესაფრის მუშაობის სპეციფიკას გააცნობს."

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 2015 წელს შეიქმნა. მის ამოცანებს მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის კონტროლი და ცხოველებისგან მოსახლეობის დაცვა წარმოადგენს.

კომენტარები