ლომჯარია ხორავას ქუჩის საქმეზე: იკვეთება სულ მცირე სამსახურეობრივი გულგრილობა

ტაბულა

სახალხო დამცველის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში, სულ მცირე სამსახურებრივი გულგრილობა იკვეთება. ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებას ეხმაურება. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს. განცხადება ამის შესახებ შსს-მ გუშინ გაავრცელა.

"თეთრი ძაფები ნამდვილად ჩანს და სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ არ ჩატარდა ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც აბსოლუტურად გათვლადი იყო. არა მარტო დანაშაულში მონაწილე პირებზე არის საუბარი, არამედ ის პირები ვინც იყვნენ გამოძიებაზე პასუხისმგებლები, მათ მიმართაც დაიწყოს გამოძიება. იმიტომ, რომ ჩვენ ჩამოვთვალეთ მთელი რიგი საკითხები, რაც მათ უნდა ჩაეტარებინათ და არ ჩაატარეს. ვფიქრობ, რომ იკვეთება სულ მცირე სამსახურეობრივი გულგრილობა. რა თქმა უნდა, ამ საქმეში ბრალის სხვა პირების მიმართ წარდეგნასაც არ გამოვრიცხავ სამომავლოდ." - ამბობს ლომჯარია.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს, მათგან სამი - დააკავეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი იყო.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს მიხეილ კალანდიას და მირზა სუბელიანს სდებდა.

აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. ამის შემდეგ, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი, ხოლო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა.

კომენტარები