ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტი "პრეზიდენტი" ანატოლი ბიბილოვი დამასკოში სირიის დიქტატორს ბაშარ ალ ასადს შეხვდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. სირიის პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის ამსახველი ფოტოები ასადის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
დიქტატორსა და მარიონეტულ რეჟიმს შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში. ოსური მედიის ინფორმაციით, ბიბილოვმა ბაშარ ასადი "უაცამონგას" ორდენით დააჯილდოვა "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.
“სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის ამ აღიარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სირიამ დაადასტურა ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი”, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა. თავის მხრივ ბაშარ ასადმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ბიძგს მისცემს “ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას”.
ასადის რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთი და ცხივნალი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2018 წლის 29 მაისს აღიარა. 29 მაისვე საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარება დაგმო და განაცხადა რომ საქართველო სირიასთან ყველა სახის დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში პირდაპირ მიუთითა, რომ აღიარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან სირიის რეჟიმით მანიპულაციამ გამოიწვია.