კრიმინალი

შსს: დანაშაულის დაფარვის ბრალდებით წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამი პირი: 1962 წელს დაბადებული რ.დ., 1991 წელს დაბადებული გ.კ. და წალენჯიხის რაიონული საკრებულოს თანამშრომელი, 1971 წელს დაბადებული უ. მ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.
1994 წელს დაბადებული რ. კ. კი დაკავებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.დ. და გ.კ. მიმდინარე წლის 12 ივლისს თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მომხდარი გ.ს.-ს მკვლელობის ფაქტის შესახებ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდნენ. მათ იცოდნენ მომხდარი მკვლელობის დეტალები, თუმცა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცველებს არ შეატყობინეს და ბრალდებულს მიმალვაში შეუწყეს ხელი.

მათი დახმარებით, გ.ს.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული და ამჟამად ძებნილი ე.მ. წალენჯიხაში ჩავიდა და უ. მ.-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში 2 დღის განმავლობაში იმალებოდა. იგი უ. მ.-ს დახმარებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ფარულად გადასვლას გეგმავდა.
პოლიციამ რ.დ. და გ.კ. თბილისში, ხოლო უ. მ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წალენჯიხაში დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რ. კ. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაუსწრებლად იქნა მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც მასზე ძებნა გამოცხადდა. პოლიციამ იგი მესტიაში დააკავა. რ. კ. მკვლელობის დროს ე.მ.-სთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მკვლელობის შემდეგ კი მიიმალა და მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა"- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები