ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნის არასანქცირებული აქციის ორგანიზების გამო პატიმრობა მიუსაჯეს

ალექსეი ნავალნი
Reuters

რუსეთის სასამართლომ ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის საჯარო პროტესტის კანონების დარღვევის გამო 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ნავალნის თქმით სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მომდევნო თვეს საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად დაგეგმილი აქციებისათვის ხელის შესაშლელად მიიღო.

ნავალნი პოლიციამ 25 აგვისტოს დააკავა. ის 28 იანვარს მოსკოვში არასანქცირებული საპროტესტო აქციის ორგანიზებაში სცეს დამნაშავედ. აქციაზე ნავალნი მოსახლეობას მოუწოდებდა ბოიკოტი გამოეცხადებინათ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის.

რუსული კანონმდებლობის მიხედვით აქციის ადგილი და მასშტაბი ხელისუფლებასთან წინასწარ უნდა შეათანხმონ, თუმცა მიმართვის შემთხვევაში მოსკოვში აქციის გამართვაზე უმეტეს შემთხვევაში უარს აცხადებენ.

ნავალნი არასანქცირებული საპროტესტო აქციის გამართვისთვის წარსულშიც დაუკავებიათ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპენსიო რეფორმა ივნისში დააანონსეს. რეფორმა მამაკაცებისათვის საპენსიო ასაკს 60-დან 65 წლამდე აწევს, ხოლო ქალებისათვის 55-დან 63 წლამდე. ცვლილება ეტაპობრივად მოხდება, კაცებისთვის ასაკის ზრდა 2028 წელს, ხოლო ქალებისთვის კი 2034 წელს დასრულდება.

რეფორმის პროექტი პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა წარადგინა. დიმიტრი მედვედევის თქმით, საპენსიო ასაკის გაზრდა ქვეყანას საშუალებას მისცემს მთავრობას, თანხები პენსიის გაზრდაზე მიმართოს.

ივლისში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ოპოზიციური ძალების მიერ ორგანიზებულ გამოსვლებზე რეფორმის გასაპროტესტებლად ათობით ქალაქში 3,000-მდე ადამიანი გამოვიდა.

კომენტარები