ქონებრივი დეკლრაცაია

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ქობულიას ქონება 30 მილიონ ლარს აჭარბებს

საქართველოს პარლამენტი

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ქონებრივი დეკლრაცაია შეავსო. დოკუმენტში მითითებული ქონების საერთო ღირებულება 30 მილიონ ლარს აჭარბებს. თანხის უდიდესი ნაწილი ქობულიას ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული. 

ქობულია ეკონომიკის სამინისტროში გადასვლამდე ამერიკული საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ის მოსკოვის ოფისის უფროსი პარტნიორი იყო. მისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ McKinsey-ის ობლიგაციებშია განთავსებული. 

ფასიანი ქაღალდები:

  • Northen Trust - €2,474,970 ღირებულების აქციები, რაც დღევანდელი კურსით 7,541,233 ლარს შეადგენს;
  • Northen Trust - $3,931,675 ღირებულების აქციები, რაც დღევანდელი კურსით 10,309,638 ლარს შეადგენს;
  • McKinsey & Company - $1,853,987 ღირებულების აქციები, რაც დღევანდელი კურსით 4,861,524 ლარს შეადგენს;
  • ამასთანავე, ჯორჯია კაპიტალის $592,620-ის ღირებულების ობლიგაციები, საქართველოს სალიზინგო კომპანიის $551,000-ის ღირებულების ობლიგაციები, m კვადრატის $60,000-ის ღირებულების ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები. 
  • ფასიანი ქაღალდების საერთო ღირებულება ლარში - 26,524,078 ლარი.

უძრავი ქონება:

ქობულია უძრავ ქონებას საქართველოსა და რუსეთში ფლობს. მათ შორისაა მოსკოვის ცენტრში მაშკოვას ქუჩაზე 123 კვადრატული მეტრის ფართობის სახლი, რომლის დეკლარაციაში მითითებული ღირებულებაც 73.2 მილიონი რუბლია, რაც დღევანდელი კურსით 2.8 მილიონ ლარს შეადგენს. ქობულია ბინის 50%-ის მფლობელია, დანარჩენი 50% მის მეუღლეს, ოლგა კორსიკს ეკუთვნის.

ქობულიამ 2014 წელს შეიძინა 155 და 212 კვადრატული მეტრის ფართობის ბინები თბილისში ფალიაშვილის ქუჩაზე. დეკლარაციის მიხედვით, მან ორივე სახლში $455 000 გადაიხადა, რაც დღევანდელი კურსით 1.2 მილიონ ლარს შეადგენს. ქობულია ამასთანავე ფლობს სამ ავტოფარეხს ფალიაშვილის ქუჩაზე, მათი საერთო ღირებულებაა $35 000, რაც დღევანდელი კურსით 91 000 ლარია. 

ქობულიამ 2014 წელს წყნეთში 275 კვადრატული მეტრის ფართობის საცხოვრებელი სახლი და 1036 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი შეიძინა, რაშიც საერთო ჯამში $485 000 გადაიხადა, რაც დღევანდელი კურსით 1.2 მილიონ ლარს შეადგენს. ქობულია ასევე ფლობს მიწის ნაკვეთებს დაბა ბეთანიაში. 

საბანკო ანგარიშები:

გიორგი ქობულიას საბანკო ანგარიშები აქვს მოსკოვის CityBank-ში, მოსკოვის ვითიბი ბანკსა და საქართველოს ბანკში. მთლიანობაში მის ანგარიშებზე განთავსებული თანხის რაოდენობა 4.3 მილიონ ლარს შეადგენს. 

ავტომობილები:

ქობულიას სამი ავტომობილი ჰყავს, რომლებიც 2008, 2012 და 2014 წლებში შეიძინა, ესენია პორშე პანამერა, ტოიოტა ლენდკრუიზერ 200 და მერსედეს-ბენც ე კუპე. 

კომენტარები