ომეგა ჯგუფის საქმე

გახარია ომეგას საქმეზე: დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ და დიდი სიამოვნებით ჩავალ

შსს

"დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ, ერთი ექვსი წელია და დიდი სიამოვნებით ჩავალ" - შს მინისტრი გიორგი გახარია ომეგა ჯგუფის და ტელეკომპანია იბერიას საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, პასუხობს აპირებს თუ არა ლონდონში ჩასვლას, იმ შემხთვევაში თუ ომეგა ჯგუფის ადვოკატები მის წინააღმდეგ სარჩელს მოამზადებენ.

ადვოკატ კოლინ გიბსონის თქმით, ლონდონის სასამართლოში წარსადგენად სარჩელებს ამზადებენ საქართველოს ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლების, მათ შორის შს მინისტრის მიმართ. 

"დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ, ერთი ექვსი წელია და დიდი სიამოვნებით ჩავალ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც არსებობს ეჭვები, განსაკუთრებით ჩინოვნიკებთან დაკავშირებით რა თქმა უნდა შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმოქმედონ კანონის სრული დაცვით და რაც შეიძლება სწრაფად. იმისათვის, რომ გაურკვეველ და ფუჭ კითხვებს გაეცეს შესაბამისი პასუხები.“- ამბობს მინისტრი გახარია. 

რაც შეეხება გავრცელებულ ჩანაწერებს და თავად საქმის მიმდინარეობას გახარია, ამბობს, რომ "არც მაქვს ამაზე ფიქრის დროს და საერთოდ არ ვთვლი რომ ეს ის თემაა, რაზეც ბევრი უნდა ვიფიქრო."

მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრების წინააღდეგ, ლონდონში სარჩელის წარდგენაზე ბრიტანული კომპანია Fieldfisher-ის სასამართლო დავების იურისტმა კოლინ გიბსონმა ტელეკომპანია იბერიას ეთერში ისაუბრა. ადვოკატი ამბობს, რომ სარჩელი შემუშავდება, დანაშაულში თანამოწილეობისა და კორუფციის ბრალდებით, გიორგი გახარიას, ლევან ყიფიანის, ნოდარ ხადურის, ანზორ ჩუბინიძის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი, რომლებიც სავარაუდო კორუფციაზე მიუთითებს. ერთ-ერთ ჩანაწერში "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების" ფონდისთვის გადაცემაზე. გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ აუდიო ჩანაწერში ზაზა ოქუაშვილს სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის ავტომობილების გადაცემას სთხოვს. 24 სექტემბერს კი გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება. გავრცელებული აუდიო ჩანაწერები ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის.

"ომეგა ჯგუფთან" საქმესთან დაკავშირებითგავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები