წნორში მცხოვრები 88 წლის ზიზო მათეშვილი კომპიუტერის შესწავლას გეგმავს. აპირებს, რომ შემდგომ ეს უნარ-ჩვევები მოშორებით მცხოვრებ შვილიშვილებთან კომუნიკაციისთვის გამოიყენოს. მასთან ერთად წნორში ამ კურსებს კიდევ შვიდი ხანდაზმული გაივლის.
კომპიუტერული კურსები იმ ინიციატივის ნაწილია, რომელსაც კახეთსა და სამეგრელოში ახალგაზრდა აქტივისტები აქტიური დაბერების მხარდასაჭერად გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ხელშეწყობით ახორციელებენ. UNFPA-ის ინფორმაციით, საპილოტე პროექტმა, რომელიც 2018 წლის ივნისში დაიწყო, 50-ზე მეტი ხანდაზმული გააერთიანა.
"ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო შეგვიქმნეს. აქ მოსვლა ჩემთვის დიდი სიხარულია. თანატოლები ვიკრიბებით და ერთმანეთს აზრს ვუზიარებთ, ჩვენი დარდისა და სიხარულის შესახებ ვყვებით, საშუალება გვაქვს, ახალი ინფორმაცია მივიღოთ და ცოდნა შევიძინოთ. ახალგაზრდა რომ ვიყავი და პენსიონერს ახსენებდნენ, მხოლოდ ღრმად მოხუცებულ ადამიანს წარმოვიდგენდი. ახლა უკვე ვიცი, რომ პენსიონერსაც სჭირდება სწავლა" - ამბობს 66 წლის ნაზი სეფისკვერაძე.
"ზუგდიდში არც კინოა, არც თეატრი. ამ პროექტმა სახლიდან გამომიყვანა. ერთი თაობის ადამიანებმა ერთმანეთი გავიცანით, ვიკრიბებით, ფილმებს ვუყურებთ. დღეს გაღიმებული სახეების დანახვა გაიშვიათდა, ჩვენ კი აქ ღიმილით გვეგებებიან", - ამბობს 69 წლის დინარა კაკაბაძე.
1 ოქტომბერს მსოფლიოში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი პროექტის პირველ ეტაპს აჯამებს, რომელიც კომპიუტერის კურსებს, ფილმების ჩვენებას და დისკუსიებს, მუზეუმებში ვიზიტებს და სხვადასხვა კულტურულ და შემეცნებით აქტივობას მოიცავს.
მათი ინფორმაცით, პროექტის მიზანი ხანდაზმულთა უნარ-ჩვევების ამაღლება და მათი სოციალურ და კულტურულ აქტივობებში ჩართვაა, ასევე, გულისხმობს თაობათა შორის დიალოგის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ურთიერთპატივისცემას.
"აქტიური დაბერება ხანდაზმული ადამიანებისთვის ისეთი გარემოს შექმნას გულისხმობს, სადაც ისინი იქნებიან საზოგადოების სრულფასოვანი და ჯანმრთელი წევრები. ამისთვის საჭიროა ხანდაზმულთა ფინანსური უსაფრთხოების გაზრდა, საპენსიო სისტემის რეფორმა, ხანდაზმულებზე მორგებული ჯანდაცვის სისტემა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკზე მორგებული ფიზიკური და ფსიქოსოციალური გარემოს ხელშეწყობა", - აღნიშნავს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე.
ხანდაზმულთა რესოციალიზაციისა და აქტიური დაბერების ხელშემწყობი პროექტი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ზუგდიდსა და წნორში მიმდინარეობს. მონაწილეებს ორივეგან ახალგაზრდების მიერ შექმნილი სოციალური კაფე მასპინძლობს - "ცოდნის კაფე" წნორში და "მეგო-ბარი" ზუგდიდში.