რუსული ოკუპაცია

პრემიერი: ყველა მექანიზმს და კომუნიკაციის არხს ვიყენებთ მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად

საქართველოს პრემიერმინისტრი რუსი ოკუპანტების მიერ მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება. მამუკა ბახტაძის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, დღესვე პირადად შეხვდეს საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

"ჩვენ ჯერ კიდევ დილით ვვარაუდობდით, რომ რამდენიმე საათში გაირკვეოდა მისი გათავისუფლების საკითხი, თუმცა, ამ დრომდე ეს ვერ მოხერხდა.

შესაბამისი უწყებები 24-საათიან რეჟიმში იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და კომუნიკაციის არხს უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქის გასათავისუფლებლად, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები.

მე დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს, დღესვე პირადად შეხვდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მათ მომხდართან დაკავშირებით. უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქე ოჯახს, თავის სამ მცირეწლოვან შვილს დროულად დაუბრუნდეს" - აცხადებს პრემიერი.

ხურვალეთში მცხოვრები მაია ოთინაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს დააკავეს. 2 ოქტომბერს, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულის ოჯახის ინფორმაციით, მაია ოთინაშვილი ნაცემია და სწორედ ამიტომ არ აძლევენ მათ ნახვის საშუალებას.

კომენტარები